პაპავა ვლადიმერ გიორგის ძე

ვ. პაპავა

პაპავა ვლადიმერ გიორგის ძე (დ. 25. III. 1955, თბილისი), ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 1997). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1995). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექ. დარგში (სხვებთან ერთად, 2004). დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1977). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტში უმცროს (1977-79), მთავარ, წამყვან, უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1982-91), საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის დირექტორად (1991-96), სამეცნ. ხელმძღვანელად (1996-2000), მთ. მეცნიერ თანამშრომლად (2008-იდან დღემდე). იყო თსუ-ის პროფესორი (1990-96; 2014-იდან დღემდე), საქართვ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე (2000-01), საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2001-იდან დღემდე), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის გამგე (2003-05), საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-08), თსუ-ის რექტორი (2013-16). 2023-იდან არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოს-მდივანი; ხელი აქვს მოწერილი საქართვ. კონსტიტუციაზე (1995).

პ. ავტორია 500-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების), რ-ებიც ეძღვნება გამოყენებითი ეკონომიკის, ეკონომიკური განვითარების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის მათ. მოდელირების, პოსტკომუნისტური ეკონომიკის, გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის თეორ. და გამოყენებით საკითხებს. მან დაასაბუთა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი არის წარმოების მე-5 ფაქტორი, ხოლო ირიბი გადასახადები - შესაბამისი ფაქტორული შემოსავალი. ქართვ. მეცნიერის ეს შედეგი ასახულია ''გამოყენებითი ეკონომიკის'' ცნობილ ბრიტანულ სახელმძღვანელოში, რითაც აღიარებულია მისი წვლილი ზოგადად ეკონ. მეცნიერების თეორ. საფუძვლების განვითარებაში; ჩამოაყალიბა ნეკროეკონომიკის თეორია, როგორც პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტეკონომიის საფუძველი, ასევე - რეტროეკონომიკის თეორია, ჩრდილოვანი პოლიტეკონომიის საფუძვლები (ნ. ხადურთან ერთად), საბაზრო თანასწორობის დოქტრინა, მილსადენების ჰარმონიზაციის კონცეფცია (მ. თოქმაზიშვილთან ერთად); გამოყო და დაასაბუთა ადამიანის ახ. ტიპების არსებობა ეკონომიკაში - ჰომო ტრანსფორმატიკუსი და ზომბი ეკონომიკუსი (მათგან პირველი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ეკონომიკის, ხოლო მეორე ზომბი ეკონომიკის მთავარი შემოქმედია), შემოიღო ნაწილობრივ პროდუქტიული მატრიცის ცნება, ინფლაციის გაზომვის არატრადიციული მაჩვენებლები და მისი კომპლექსური თარგეთირების რეჟიმი (ვ. ჭარაიასთან ერთად); განავითარა ეკონომიკის ზომბირების თეორია (ერთმანეთისაგან გამიჯნა ორთოდოქსული და ჰეტეროდოქსული ზომბი ეკონომიკა); შექმნა გადასახადების გარეშე ეკონომიკის მოდელი, საგადასახადო კორუფციის ინდექსები, სანქციონომიკის თეორიის საფუძვლები; ააგო ლაფერის ეფექტის ამსახველი ახ. მრუდები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მკვეთრი ზრდის ეფექტის ზეგავლენის გამორიცხვის გზით; საფუძველი ჩაუყარა ლაფერ-კეინზიანურ სინთეზს (შემდგომში განავითარა ი. ანანიაშვილთან ერთად); შეიმუშავა (ე. ისმაილოვთან ერთად) ცენტრ. კავკასიისა (ცენტრ. კავკასიას ქმნის აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი, ხოლო სამხრ. კავკასია აერთიანებს თურქეთის ჩრდ.-აღმ. და ირანის ჩრდ.-დას. რეგიონებს, რ-თაგან პირველი ეთნ. ქართველებით, ხოლო მეორე ეთნ. აზერბაიჯანელებითაა დასახლებული) და ცენტრ. კავკაზიის (ამ რეგიონს ქმნის ცენტრ. აზიის და ცენტრ. კავკასიის ქვეყნები) გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონცეფციები. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართ., ინგლ., რუს., ფრანგ., გერმ., არაბ., აზერბ., ჩინურ, ჩეხურ და უკრაინულ ენებზე.

პ. არის არაერთი უცხ. და საერთაშ. აკადემიის, საზ-ბის და ასოციაციის წევრი, მ. შ. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშ. CORE აკად. ნამდვილი წევრი (2024). მინიჭებული აქვს საქართვ. და საზღვარგარეთის უნ-ტების მიერ საპატიო დოქტორის წოდება.
მიღებული აქვს ფ. გოგიჩაიშვილის სახ. პრემია (2008) და სხვა ჯილდოები. 


თხზ.: საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში: მიღწევები და შეცდომები, თბ., 2000; პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002; ცენტრალური კავკაზია: გეოპოლიტეკონომიური ნარკვევი, თბ., 2009; არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა (მე-2 გამოცემა), თბ., 2020; Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism, N. Y., 2005; Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After, N. Y., 2012; Becoming European: Challenges for Georgia in the Twrnty-First Century, Bloomington, 2021.  

ლიტ.: Greer N. P., (ed.), Vladimer Papava, Beau Bassin, 2012; Russell J., Cohn R., Vladimer Papava, Edinburgh, 2012.  

ლ. აბრამიშვილი