ლაილაშის ბიბლია, X ს. ებრაულენოვანი ბიბლია. საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა სოფ. ლაილაშში (ცაგერის მონიციპალიტეტი), ადგილობრივი ებრაული თემის სულიერ და კულტურულ ცენტრში. მას „სვანურ ბიბლიასაც“ უწოდებდნენ. ხელნაწერი გამოირჩევა ტექსტის სიზუსტით, კალიგრაფიით და ორნამენტებით, რაც მის შესაძლო წარმომავლობას შუა საუკუნეების მაღალკვალიფიციურ სკრიბალურ სკოლასთან აკავშირებს. ლ. ბ. ებრალებისა და ქართველების წმინდა წიგნად იყო აღიარებული. მის გარშემო მრავალი გადმოცემა და მითია ჩამოყალიბებული, რ-თაც ტექსტის ზებუნებრივ და საკრალურ ძალაზე მსჯელობა ახლავს. 1957-იდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
ბიბლიური ტექსტის ფურცლები ერთმანეთზე ხუთ-ხუთადაა დაწყობილი, შემდეგ ორადაა გაკეცილი და ათ-ათი ფურცლისგან შედგენილი წიგნაკების სახითაა წარმოდგენილი. ამჟამად ჩვენამდე მოღწეულია ამ ხელნაწერთა 169 ფურცელი. სპეციალისტთა ვარაუდით, მას 16 ფურცელი აკლია.
ბიბლია პირველად დეტალურად მეცნიერულად აღწერა გ. წერეთელმა. მისი ნაშრომი წარმოადგენს ქართულ მეცნიერებაში ამ ხელნაწერის შესწავლის საწყისს და პირველ საფუძვლიან ტექსტოლოგიურ, ფილოლოგიურ და პალეოგრაფიულ ანალიზს. გ. წერეთელი აღწერს ხელნაწერის ზოგად მატერიალურ მხარეებს, მ. შ. პერგამენტსა და კალიგრაფიას. თუმცა პერგამენტის დეტალური ტექნიკური ანალიზი, რ-იც თანამედროვე პალეოგრაფიას ახასიათებს, მოგვიანებით უფრო საფუძვლიანად არის გამოკვლეული. გ. წერეთელმა ხელნაწერის სავარაუდო თარიღიც განსაზღვრა და ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე როგორც ებრაული რელიგიური ტრადიციის, ასევე ქართულ-ებრაული ისტორიის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასკვნა მოგვიანებით შესწორდა, მისი ნაშრომი დღესაც ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება.
ხელნაწერის თანამედროვე კვლევებმა, განსაკუთრებით ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარ თ. გომელაურის ნაშრომებმა (2020; 2023), ლ. ბ. ფართო საერთაშორისო აკადემიურ წრეებს გააცნო. მისი პირველი ნაშრომი მოიცავს ლაილაშის კოდექსის „დავიწყებული“ ისტორიის გაცოცხლებას, ქართველი ებრაელების გადმოცემებისა და თემის კოლექტიური მეხსიერების ანალიზს, ხოლო მისი კიდევ უფრო მეცნიერულად გამოკვეთილი 2023-ის ნაშრომი არკვევს ბიბლიის მიკროგრაფიკულ თავისებურებებს, ლითურგიულ სტრუქტურას, მასორეტული ნიშნების უნიკალურობასა და ტექსტის არქაული ფორმების დეტალებს. თ. გომელაურის დასკვნით, ლაილაშის კოდექსი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ვიზუალურად გამორჩეული შუასაუკუნოვანი მასორეტული ხუთწიგნეული იყოს მთელ კავკასიაში. ტექსტოლოგიური და პალეოგრაფიული მახასიათებლები მიუთითებს, რომ ლ. ბ. თითქმის სრულად მიჰყვება მასორეტულ ტრადიციას; ტექსტი წარმოდგენილია მკაცრად დაცული სვეტური სტრუქტურით, მასორული ნიშნებით, ხოლო მიკროგრაფიკული ელემენტები მიუთითებს იმაზე, რომ მისი შემქმნელები ფლობდნენ როგორც მასორეტულ ტექნიკას, ისე დეკორატიულ-კალიგრაფიულ ოსტატობას. სავარაუდო თარიღი, კვლევების მიხედვით, X–XI სს-ით განისაზღვრება, თუმცა ზოგიერთი სტილისტური და ტექნიკური ნიშანი მოიცავს უფრო ფართო ქრონოლოგიურ დიაპაზონსაც.
ლ. ბ. განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია არა მხოლოდ როგორც რელიგიური ტექსტი, არამედ როგორც კულტ.-ისტ. არტეფაქტი, რ-იც ავლენს ქართველი ებრალების მრავალსაუკუნოვან ყოფასა და ინტელექტუალურ ტრადიციებს. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ებრაული საზოგადოება ახლოაღმოსავლური და ევროპული ტექსტური კულტურის მონაწილე იყო, ინარჩუნებდა კონტაქტს მასორეტულ ცენტრებსა და სკრიბალურ (წერის მანერა) მექანიზმებთან, ხოლო ხელნაწერი დღესაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ძეგლად ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და მსოფლიო ებრაული ხელნაწერების ისტორიის თვალსაზრისით.
ლიტ.: Gomelauri T., Introducing the best-kept secret of Georgian Jewry – The Lailashi Codex. JewThink.org, 2020; Gomelauri T., The Greatest Medieval Masoretic Pentateuch: The Lailashi Codex – The Crown of Georgian Jewry, Oxford Interfaith Forum, 2023; Tsereteli G., The Tbilisi Hebrew Manuscript of Moses’ Pentateuch, 1969.
თ. მარგველაშვილი