დავითაშვილი მერი შალვას ასული

მ. დავითაშვილი

დავითაშვილი მერი შალვას ასული (13. III. 1924, თბილისი, - 17. II. 2014, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). 1946 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1968–92 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1973–2007 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიაში. დ-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბავშვო მუსიკას. მას ეკუთვნის საბავშვო ოპერები: „ქაჯანა" (ნ. ლომოურის მოთხრობის მიხედვით, 1965, დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1966), „ნაცარქექია" (1972, დაიდგა იქვე, 1979), საბავშვო ბალეტი „მზის ქორწილი" (1953), ასზე მეტი საბავშვო სიმღერა და სიმღერათა ციკლები (მ. შ. „დილა მშვიდობისა", 1952; „სათამაშოების სიმღერები", 1955; „ანა-ბანა", 1976; „საქართველოს მზე", 1983). დ-ის სიმღერები გამოირჩევა მელოდიურობით, ბავშვის სამყაროს ღრმა ცოდნით. აღსანიშნავია მის მიერ 1972 დაარსებული ყოველწლიური ბავშვთა მუსიკის კვირეული, რ-საც 2010-იდან მისი სახელი ეწოდა.

კომპოზიტორის ნაწარმოებთაგან აგრეთვე აღსანიშნავია „პოემა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1954), „ფანტაზია“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1956), რომანსები ა. კალანდაძის პოეზიის მიხედვით (1985-86) და ა.შ. საფორტეპიანო პიესა „ხორუმი“ (1945) სისტემატურად ჟღერდა პიანისტთა საერთაშ. კონკურსებზე და არაერთი შემსრულებლის რეპერტუარში დამკვიდრდა.

დ-ს შექმნილი აქვს მუსიკა 50-ზე მეტი დრამ. სპექტაკლისათვის, 40-ზე მეტი კინოფილმისა (მ. შ. „მანანა", 1958; „პაპა გიგია", 1960) და მულტფილმებისათვის: „ჩხიკვთა ქორწილი", 1958; „წუნა და წრუწუნა", 1960.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). არის ბორჯომისა (2005) და თბილისის (2010) საპატიო მოქალაქე. 2003 ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. პროფ. თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი.

გ. ტორაძე