კუკავა თამარ გრიგოლის ასული

კუკავა თამარ გრიგოლის ასული (7. I. 1921, სოფ. კავთისხევი, კასპის მუნიციპალიტეტი, – 15. IV. 2007, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1972). სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობაზე (1938–42).

კ. იყო გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტის (1946–48) და ა. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტის (1948–52), აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის (1952–71) თანამშრომელი, თსუ-ის ესთეტიკის კათედრის პროფესორი (1971–2006).

კ. არის 30-მდე წიგნისა და მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა ძვ. ბერძნული ფილოსოფია, ქართ. ჰიმნოგრაფია, ქართ. ფილოსოფიის ისტორია, შემეცნების თეორია, ეთიკა და ესთეტიკა; იგი თავის კვლევებში ასაბუთებს ქართ. ფილოსოფიური აზრის განვითარების ერთიან უწყვეტ ხაზს (იოანე პეტრიწიდან მოყოლებული არსენ ბულმაისიმისძისა და ანტონ I-ის ჩათვლით ს. დოდაშვილამდე). კ-მ გამოიკვლია და გამოსცა ქართველი მოაზროვნეების – ეფრემ მცირეს, იოანე პეტრიწის, დავით რექტორის, ანტონ I-ის, ს. დოდაშვილის და სხვათა უცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ტექსტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კ-ს მთარგმნელობითი მოღვაწე-ობა. მან ძვ. ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნა, გამოიკვლია და გამოსცა არისტოტელეს ნაშრომები. კ-ს ძალისხმევით მოხდა ს. დოდაშვილის ნეშტის ქ. ვიატკიდან თბილისში გადმოსვენება (1994).

თხზ.: ბერძნული ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1972; სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა, თბ., 1975; „იოანე პეტრიწის წიგნი „ათ-ორ თვისა“: /„პროლოღია“/, თბ., 1978; ესთეტიკა, თბ., 1985; ეფრემ მცირის იამბიკოები, თბ., 1988; ს. დოდაშვილი. თხზულებანი, თბ., 1989; ანტონ პირველი (ბაგრატიონი). პოეტური ქმნილებანი, თბ., 1996; დავით რექტორი. თხზულებანი, თბ., 1997; ეთიკა, თბ., 1998.

ლ. ზაქარაძე