დალაქიშვილი თამაზ არქიფოს ძე

თ. დალაქიშვილი

დალაქიშვილი თამაზ არქიფოს ძე (დ. 22. IX. 1937, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2005).

დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1961). მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში" (1961–64), თბილ. ზონალურ საპროექტო- ექსპერ. ინ-ტში (1964–65; 1969–81), „თბილქალაქპროექტში" (1982–90).

1991–97 იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება „არქფონდის" მთავარი მხატვარ-დიზაინერი. ძირითადი ნამუშევრები: დასახლება დებელე გვინეის რესპუბლიკაში (გ. ბერიძესთან, დ. გრძელიძესა და კ. ხატიაშვილთან ერთად; 1971–74), ენგურჰესის მშენებელთა საცხოვრ. სახლი თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე (გ. ბიჭიაშვილთან, ზ. კოპალაძესა და ო. დარჩიევთან ერთად; 70- იანი წწ.), ჰიდრომშენებელთა დასახლება ვიეტნამში მდ. დაზე (ა. ღოღობერიძესთან, ა. ჯაფარიძესა და ა. ქურდიანთან ერთად; 1976–81); ბავშვთა საგანმ.-კულტ. ცენტრი ნასოფლარ ავენისში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ბ. გოცირიძესთან, ი. ვაჩეიშვილთან, დ. თოფურიძესა და ა. ჯაფარიძესთან ერთად, 1987; საქართვ. არქიტექტურის I საერთაშ. ბიენალე, გრან-პრი, 1988); საქართვ.-ბულგ. საზ.- კულტ. ცენტრი ქ. სოფიაში (თანაავტორი ა. ჯაფარიძე, 1988); არტ-ბიზნესცენტრი თბილისში, კ. აფხაზის ქუჩაზე (თანაავტორი ა. ბახტაძე, 1997).

ს. კინწურაშვილი