გოგიაშვილი კუკური პავლეს ძე

გოგიაშვილ კუკური პავლეს ძე (15. X. 1912, ქუთაისი, – 24. VI. 1984, თბილისი), მწერალი. „ცისფერყანწელთა" ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის შ. კარმელის ძმა.

სწავლობდა ქუთაისში, კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში და პარალელურად მუშაობდა ამავე თეატრში (1928–30). 1930 თეატრთან ერთად გადავიდა თბილისში და კ. მარჯანიშვილის გარდაცვალებამდე (1933) იყო მისი დასის წევრი.

გ. სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის (თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა ქართ.) თეატრების მსახიობი და დრამატურგი. ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზ. „მუშასა" და ჟურნ. „ნიანგში". 1948-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნ. „დილაში".

პირველი ლექსები 1934 გამოაქვეყნა, პირველი საბავშვო წიგნი – „თინიკოს მამალი" – 1940. ბავშვებს მიუძღვნა აგრეთვე ლექსების, ზღაპრების, პოემების კრებულები: „გაზაფხული" (1947), „ტყის სტუმარი" (1951), „აბლი-ბაბლი" (1962), „მზეს უმღერიან" (1970), „გაზაფხული მოდის" (1972), „ათული და ბათული" (1978), „შემოდგომას რა სჯობს" (1983) და სხვ. წერდა სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებებს.

გ-ის პიესები იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრსა („ფარავნელი ჭაბუკი", „ალუბლები ჰყვავიან", „ბაღნარში" და სხვ.) და თოჯინების თეატრში („ბეკეკა", „რწყილი და ჭიანჭველა", „რუხი მგელი" და სხვ.).

დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. მედლით (1973).

თხზ.: საბავშვო პიესები, თბ., 1950; ახალი სახლი. სკეტჩები და სატირა, თბ., 1961; ვინ დაღუპა აფრასიონი?! თბ., 1964; სიძე-სიმამრიანი, თბ., 1975.