„მარკო პოლო გუდაური“

 

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაური“

„მარკო პოლო გუდაური“ (შპს), ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ზ. დ. 2008 -ზე.  აშენდა ავსტრიული კომპანიების მიერ. მშენებლობა დაიწყო 1986 და დასრულდა 1988, არქიტექტორები: ე. ჩაკმანი (ავსტრ.), ლ. ლორთქიფანიძე (საქართვ.). თავდაპირველად სასტუმრო  ეკუთვნოდა კონცერნ „საქკურორტს~, ხოლო 1995-იდან – მის ბაზაზე დაფუძნებულ სააქციო საზ-ბა „გერგეთს~. 1989-იდან იჯარით ჰქონდა აღებული და მენეჯმენტს ახორციელებდა ქართ.-ავსტრ. ერთობლივი საწარმო შპს „ე. ს. გუდაური“. 2010-იდან სასტუმროს მფლობელია „გუდაური სქი რესორტი“. შენობა ოთხსართულიანია და კარგადაა შეხამებული გარემოს. მისი არქიტექტურა დამახასიათებელია თანამედროვე ალპური ზონის ნაგებობებისთვის. სასტუმროს ფუნქციური გადაწყვეტა სრულად შეესაბამება სპორტ. და საკონფერენციო ცენტრის მოთხოვნებს. მასში განთავსებულია 123 ნომერი 250 საწოლ-ადგილზე, მ. შ. 89 ნომერი ორადგილიანია, 2 – სტანდარტული საოჯახო, 4 – დელაქს საოჯახო, 24 – ჯუნიორ სუიტი (ორსართულიანი ნომერი, ორი ძირითადი და ორი დამატებითი საწოლით), 1 –  ეგზექიუტივ ორადგილიანი ნომერი და 3 – ეგზექიუტივ სუიტი. სასტუმროს აქვს, ასევე, 3 მაღალი დონის ალპური შალე „სნო“ (თითო 4-ნომრიანი), რესტორანი (220 დასაჯდომი ადგილი), ბარი, ბოულინგ ბარი, ფიტო ბარი და ლაუნჯი, ასევე – სპა სამასაჟო ოთახებით, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, ორთქლის ოთახი, გადახურული ჩოგბურთის კორტი, ღია და გადახურული პადელის კორტები, 4-ხაზიანი ბოულინგი, ბილიარდი, თხილამურების შესანახი სათავსი და გასაქირავებელი პუნქტი. სასტუმროში 150-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზია სინქრონული თარგმანის აპარატურით, 3 - შეხვედრების ოთახი საკონფერენციო აღჭურვილობითა და ინტერნეტით. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხუთი თანამედროვე ტიპის სათხილამურო-საბაგირო გზა (3- და 4-ადგილიანი სავარძლებით), რ-ებსაც მოთხილამურეები აჰყავს ზ. დ. 2200-იდან 3280 სიმაღლემდე (უმაღლესი წერტილი – მთა საძელე). სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე არის 59 კმ  (2024).

ლ. აბრამიშვილი