გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე

 

გ. ტ. გიორგაძე

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე (20. XI. 1879, ქუთაისი, – 18. VIII. 1937, ყაზახეთი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი. 1902 დაამთავრა ქუთაისის სას. სემინარია, 1909 ხარკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1905–19 იყო ს.- დ. (მენშევიკური) პარტიის წევრი, 1919–21 - დამოუკიდებელი ს.-დ. ორგანიზაციის – „ახალი სხივის“ ლიდერი, 1909–10 – გაზ. „ფონის“ რედ.-გამომცემელი (ქუთ.). 1917–18 გ. იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი, 1918–19 – საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის სამხ. მინისტრი, 1919–21 – საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი და სხიველების ფრაქციის თავ-რე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ 1921 დააპატიმრეს. 1922–37 ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართვ. დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი, სხვადასხვა დაწესებულებების იურისკონსულტი, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის, ახ. და უახლესი ისტორიის, ფეოდ. ხანის საქართვ. სოც. ურთიერთობათა ისტორიის, ქართ. სამართლის ისტორიის საკითხებს. 1937 გ. დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა.

თხზ.: ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში, ტფ., 1926; საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე (1864–1905), ტფ., 1928.

ლ. ურუშაძე