გიორგაძე გიორგი ივანეს ძე (12.V. 1927, თბილისი, – 2002, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. 1950 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1963–71 მუშაობდა კ. ამირაჯიბის სახ. საქართვ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტთან არსებულ ჩაის კრეფის მექანიზაციის ლაბორატორიაში უფროსის მოადგილედ, 1977–91 – სხვადასხვა სამეცნ.-კვლ. ორგანიზაციაში პროექტის მთ. კონსტრუქტორად. 2000-იდან იყო კ. ამირაჯიბის სახ. საქართვ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველოს" შექმნისა და მისი წარმოებაში დანერგვისათვის მიენიჭა ლენინური პრემია (1967, სხვებთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).