გობეჩია იოსებ პავლეს ძე

გობეჩია იოსებ პავლეს ძე (1879, ქუთაისი, – 1960, საფრანგეთი), პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერთა) პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნ-ტის მათ. ფაკ-ტზე. 1901 სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და ადმ. წესით სამშობლოში გაასახლეს. 1901 ქუთაისში საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო სიტყვით გამოსვლის გამო ისევ დააპატიმრეს. 1902-იდან ოდესაში გააგრძელა სწავლა. 1904 კვლავ დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კავკასიაში დაბრუნდა. 1905–06 აქტიურად მონაწილეობდა ახალაღორძინებულ ესერთა პარტიის მუშაობაში. ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ოპერაციების დროს გ-მ ესერთა პარტიის დადგენილებით ჩამოაყალიბა მებრძოლი რაზმები, ტერორისტული აქტები მოაწყო ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში და სხვ. 1906 დამდეგს მონაწილეობდა ესერთა III პარტ. საბჭოს მუშაობაში იმატრაში (ფინეთი),

1907 – ესერთა პარტიის II ყრილობაში ქ. ტამერფორსში (ფინეთი). თბილისში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს და გაასახლეს. სხვისი გვარით ოდესაში ჩავიდა და რექტორის, ვ. პეტრიაშვილის დახმარებით უნ-ტის IV კურსზე ჩაირიცხა. 1908, უნ-ტის დამთავრების შემდეგ, ლექციებს უკითხავდა ქ. ხერსონის სახალხო მასწავლებლებს ასტრონომიასა და მათემატიკაში, 1909–11 – ბაქოს მუშათა პროფ. კურსებზე და სახ. უნ-ტში. ამავე წლებში ესერთა პარტიის ბაქოს ქართ. ორგანოს „მარცვლის" სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. ესერთა ცკ-ის მუშაობის გააქტიურების შედეგად მისი ვინაობა შეიტყვეს და იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ერთი წელიწადი პარიზის ობსერვატორიაში მუშაობდა. მალე გრენობლის პოლიტექ. ინ-ტში შევიდა, რ-იც ელექტროტექნიკოსის სპეციალობით დაამთავრა და პარიზშივე განაგრძო მუშაობა ინჟინრად.

რუს. რევ. დროს (1917) პეტერბურგში დაბრუნდა. დროებითმა მთავრობამ კავკასიის ფრონტის სამხ. კომისრად დანიშნა. საქართვ. სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს, რესპ. პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი.

1921-იდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. დაკრძალულია პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.

გ. ნარსია