ევგენიძე იუზა თედორეს ძე

ი. ევგენიძე

ევგენიძე იუზა თედორეს ძე (24. II. 1943, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, - 2. I. 2013, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). 1965 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, 1969-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში. 2009-იდან იყო თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი; 1993–2006 - თსუ-ს აკაკი წერეთლის კაბინეტის გამგე; 1999-იდან - ჰუმანიტარულ მეცნ. აკად. წევრი.

ე. ავტორია მონოგრაფიებისა: „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის" (1977), „ვაჟა-ფშაველა" -  ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები (1982), „ქართული რომანტიზმის საკითხები" (1982), „გრიგოლ ორბელიანი" (1995), „ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან", ორ ტომად (I - II, 2000-03). ე-ის თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული, მათ შორის: „ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის" (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო. 1996 გერმანიაში ჟურნ. „გეორგიკაში" დაიბეჭდა მისი ნარკვევი „ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში", ხოლო ვატიკანში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები „ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა" (2006) და „ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული" (2008).

დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (2003).