გილდია

გილდია (გერმ. Gilde – კორპორაცია, გაერთიანება), ფართო გაგებით – სხვადასხვაგვარი გაერთიანება (რელიგიური, პოლიტიკური, თავდაცვითი და ა. შ.) ადრინდ. შუა საუკუნეების დას. ევროპის ქალაქებში; ვიწრო გაგებით – ვაჭართა კავშირი, რ-იც წარმოიშვა ადრინდ. შუა საუკუნეებში და გავრცელდა მრავალ ქვეყანაში პროფ. ინტერესებისა და წოდებრივი პრივილეგიების დაცვის მიზნით.

გ. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალაქის თვითმმართველობაში. XII – XIII სს-ში იგი ისეთ მძლავრ ძალად გადაიქცა ევროპაში, რომ აშკარა ბრძოლას უცხადებდა ფეოდალებს. გ-ებმა ხელი შეუწყვეს ფეოდ. წყობილების დაშლას და კაპიტალიზმის განვითარებას. XVI ს. შემდეგ ვაჭართა როლი თანდათანობით დაეცა, მაგრამ გ-ის ვაჭრებმა შეინარჩუნეს სოც. პრივილეგიები.

რუსეთში XVIII ს-იდან ქალაქელი ვაჭრები სამ გ-დ იყოფოდნენ. უპირატესი პრივილეგიებით სარგებლობდნენ პირველი გ-ის ვაჭრები.

საქართველოში, თბილისში, გ-ის ანალოგიური ვაჭართა გაერთიანება იყო ორთაღი (ურთაღი) XIII ს-ში. მისი წევრები მონაწილეობდნენ საერთაშ. სავაჭრო და საკრედიტო ოპერაციებში. მოგვიანებით, XVII–XVIII სს-ში, საგარეო ვაჭრობაში ჩაბმულ აქაურ სოვდაგართა კავშირს სათავეში ქარავანბაში მოექცა. 1875-იდან ვაჭართა კორპორაციები და გილდიური კავშირები შეიქმნა. 1880 თბილისში აღრიცხული იყო I გ-ის 49 ვაჭარ-მრეწველი და II გ-ის 1003 ვაჭარი.

ლიტ.: გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 1–2, თბ., 1949–56; მარქსი კ., კაპიტალი, ტ. 1, თბ., 1954; ტ. 3, ნაწ. 1, თბ., 1959; Месхиа Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии XVII–XVIII вв., Тб., 1959; Рындзюнский П. Г., Городское гражданство дореформенной России, М., 1958; Экономическая энциклопедия. Политическая экономия, т. 1, М., 1972.

პ. გუგუშვილი