გივიშვილი დავით (3. XI. 1850, თბილისი, – 1. VI. 1916, იქვე), ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი XIX ს. 70-იანი წწ. ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზ. „დროებაში“. გამოცემული აქვს 37 საშ. და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოც. თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.
ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბ., 1927; ჭიჭინაძე ზ., დ. გივიშვილი, წგ.: რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი, წგ. 1, ივ. როსტომაშვილის რედ., თბ., 1898.
გ. შაყულაშვილი