გიენოსი

გიენოსი (ბერძნ. Gyēnos), ანტიკური ხანის ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთში (ახლანდ. ოჩამჩირის მახლობლად). გ-ს ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო – სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.). როგორც ვარაუდობენ, გ-ს შეესატყვისება პომპონიუს მელას (ძვ. წ. I ს.) მიერ მოხსენიებული ქ. კიკნოსი, სტეფანე ბიზანტიელის (VI ს.) ლექსიკონში დასახელებული ქ. პიენისი და ქ. ტიენისი. ოჩამჩირის მიდამოების არქეოლ. შესწავლის შედეგად დადგენლია, რომ აქ, ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე, არსებობდა ადგილ. დიდი დასახლება და განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. გ-ის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდ. ოჩამჩირის მახლობლად, მდ. ჯიკუმურის შესართავთან ბერძენთა, საფიქრებელია ათენელთა, სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V. ს. II ნახ.). გ-ში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხ. მოსახლეობა. ადრინდ. ანტ. ხანაში (ძვ. წ. V–IV სს.) გ-ს მჭიდრო ეკონ. ურთიერთობა ჰქონდა საბერძნ. უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რ-საც უხვად აწვდიდა გემთმშენებლობისათვის საჭირო მასალას – ძვირფას ხეს (ბზა და სხვ.). შემდგოში გ-ის საგარეო ვაჭრობაში ათენის ადგილს იკავებენ მცირე აზიის ცენტრები, განსაკუთრებით სინოპი. ძვ. წ. I ს-ში გ. დაკნინდა, მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებას და საქალაქო ცხოვრების ახ. აღმავლობას (IV–V სს.).

ლიტ.: ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966.

მ. ინაძე