გიგინეიშვილი მიხეილ მიხეილის ძე

გიგინეიშვილი მიხეილ მიხეილის ძე (20. IX. 1938, თბილისი, – 28. I. 1994, იქვე), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1981).

1962 დაამთავრა მოსკ. I სამედ. ინ-ტი. 1963–69 მუშაობდა თბილისში კლინიკური და ექსპერ. კარდიოლოგიის ინ-ტში, 1970–83 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლ. I კათედრაზე. 1983-იდან განაგებდა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის მეანობა-გინეკოლ. კათედრას.

გ. შეისწავლიდა საშვილოსნოს კუმშვადობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, სამეანო და გინეკოლ. სისხლდენას, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზიურ პროცესებს, სიმსივნურ წარმონაქმნებზე ჰორმონების გავლენას და სხვ. 1989 სახელმძღვანელოებისათვის „მეანობა“ (1983) და „გინეკოლოგია“ (1987) მამასთან – მ. ს. გიგინეიშვილთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.

თხზ.: სამშობიარო მოქმედების სისუსტე, თბ., 1975; ქალის ჰიგიენა, თბ., 1984; კლინიკური რეცეპტურა მეანობასა და გინეკოლოგიაში, თბ., 1987.