გიგინეიშვილი ივანე მოსეს ძე (9. VIII. 1909, ქუთაისი, – 28. I. 1982, თბილისი), ენათმეცნიერი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1976).
1946–53 იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი, ხოლო შემდგომ – 1982-მდე – ჯერ საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმთან, შემდეგ კი – საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისიის წევრი და მდივანი, საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1950–66), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე (1951–82), „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების“ (კრ. I, 1970) კრებულის რედაქტორი, ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1973–82). ხელმძღვანელობდა ენათმეცნ. ინ-ტის თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა განყ-ბის (1966-იდან –ქართული მეტყველების კულტურის განყ-ბა) სამეცნ. და პრაქტ. მუშაობას. დააარსა განყ-ბის კრებ. „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, რ-ის 5 წიგნი გამოვიდა მისი რედაქტორობით (1972–83). შეიმუშავა უცხოურ პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნ. პრინციპები. ქართ. ენის დიალექტთა შესწავლის შედეგად საყურადღებო მოსაზრებები ჰქონდა ქართლურსა და იმერულს შორის გარდამავალი ზოლის მეტყველების, გუდამაყრულის დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულად მიჩნევის, ე. წ. „საშუალო ქართულის“ შესახებ და სხვ.
გ-მა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას. იგი ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას: ქართ. ლიტ-რის ძეგლთა ლექსიკონები („რუსუდანიანი“ – 1957, „დავითიანი“ – 1955, 1980), დიალექტების ლექსიკონები (წიგნში: „ქართული დიალექტოლოგია, I“, 1961), სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვ. თოფურიას თანაავტორობით, 1941, 1946, 1949), ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვ. თოფურიას თანაავტორობით, 1968). მონაწილეობდა ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის (1–8, 1950–64) მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). შესრულებული აქვს ტექსტოლოგიური სამუშაოები „რუსუდანიანის“, ვაჟა-ფშაველას პოემების, ვეფხისტყაოსნის ტექსტის დასადგენად.
1934-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ დაუსწრებელ პედ. ინ-ტში, პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, საქართვ. თეატრ. ინ-ტში, თსუ-ში – კითხულობდა ქართ. ენის კურსს, აგრეთვე სპეცკურსს „ვეფხისტყაოსნის ენა“ (თსუ-ში).
თხზ.: ქართული დიალექტოლოგია, [ტ.] 1, თბ., 1961 (თანაავტ.: ვ. თოფურია და ი. ქავთარაძე); გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ტექსტის კრიტიკის ისტორიის საკითხების შესახებ, თბ., 1975.
ლიტ.: ლეჟავა ლ., ივანე გიგინეიშვილი, თბ., 1986.
ლ. ლეჟავა