გიგინეიშვილი ბაქარ კონას ძე

გიგინეიშვილი ბაქარ კონას ძე (16. III. 1933, ბათუმი, – 1. X. 1997, თბილისი). ენათმეცნიერი, ქართველური და კავკასიური ენების, ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

დაამთავრა თსუ (1956). მისი ძირითადი შრომები ეხება ქართველურ შედარებით ენათმეცნიერებასა და ეტიმოლოგიას, კავკ. ენათმეცნიერებას, ძვ. ქართ. ენასა და ფილოლოგიას, ისტ.-შედარებით ენათმეცნ. მეთოდიკას. გ. ავტორია მონოგრაფიისა „დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა“ (1977), ერთ-ერთი გამომცემელი X ს. უმნიშვნელოვანესი ძეგლების – „შატბერდის კრებულისა“ (1979) და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანებისა (1989–90), რ-თაც დაურთო მნიშვნელოვანი გამოკვლევები. იგი თანმიმდევრულად და შედეგიანად იყენებდა ისტ.-შედარებით მეთოდს თანამედროვე ენათმეცნ. მიღწევების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ქართველური და კავკ. ენების ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და ლექსიკაში.

თხზ.: ქართველურ ენათა ბგერათშესატყვისობიდან, კრ.: აკაკი შანიძე – 100, თბ., 1987; ძველი ქართული ენის გრამატიკიდან, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 14, თბ., 1987; Сравнительная реконструкция и вопрос о вариабельности в языке-основе, «Вопросы языкознания», 1972, № 4; Сравнительная Фонетика дагестанских языков, Тб., 1977; Der Präsensstamm in der gemeinkartwelischen Grundsprache «Georgica», H. 10, Jena–Tbilissi, 1987; ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი (ა-მ), თბ., 2016.

გამოც.: წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, ნაკვ. 1, თბ., 1989 (თანარედ. ც. კიკვიძე); ნაკვ. 2, თბ., 1990 (თანარედ.: ილ აბულაძე, ც. ქურციკიძე, ნ. გოგუაძე).

მ. მაჭავარიანი