გიგაური ნოდარ პარმენის ძე

გიგაური ნოდარ პარმენის ძე (30. VII. 1930, გორი, – 13. VIII. 2010, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982).

1960 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1958-იდან მუშაობდა საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში ხმის რეჟისორად. ავტორია 2 ტელეოპერისა – „გამზრდელისა“ (ა. წერეთლის მიხედვით, 1960; პრემიერა მოსკოვის ტელევიზიით გადაიცა 1961; I ხარისხის დიპლომი საკავშ. კონკურსზე, მოსკოვში) და „გაზაფხულის ზღაპრისა“ (საბავშვო ტელეოპერა, 1970; პირველად შესრულდა 1975). მასვე ეკუთვნის საბავშვო ოპერა-რევიუ „გვიხმობენ ზარები“ (1977) და ოპერა „გალობანი სინანულისანი“ (1987), სიმფ. პოემა „გზა ვარსკვლავებისაკენ“ (1971), კამერული სიმფონია „ხევსურული ესკიზები“ (1980), კონცერტი ფაგოტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (1979), „ანდანტე სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1987), ქორალური პოემა სოლისტის, გოგონათა ანსამბლისა და სიმფ. ორკესტრისათვის –„მონატრება ილიასი“ (1987), საგუნდო ნაწარმოებები, საგალობლები, საესტრადო სიმღერები („ჩემი საგალობელი“, „აპრილი მოდის“, „ზღვისფერი გაქვს თვალები“, „მე თბილისელი ბიჭი ვარ“, „ნუ შეგაშინებს ჩემი ჭაღარა“ და სხვ.).

ლ. კაკულია