გიგაური თეიმურაზ (თენგიზ) ლევანის ძე (2. VII. 1933, თბილისი, – 12. VIII. 2009, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1972).
1960 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (ნ. კანდელაკის კლასი). 1961-იდან იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1958-იდან. გ. წარმატებით მუშაობდა ჭედური ხელოვნების, მინის მხატვრული დამუშავების, კერამიკისა და წიგნის გაფორმების დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1958, პრემირებულია ძეგლისათვის გამართულ კონკურსში), თბილ. მეტროპოლიტენის სადგურ „სამასი არაგველის“ პანო (ჭედურობა, სპილენძი, 1967, გ. გიგაურთან ერთად), „გამარჯვება“ (ბრინჯაო, 1975, ქანდაკების მუზეუმი, კაუნასი), „სვანის პორტრეტი“ (ტონირებული თაბაშირი, 1982), „ეს არ უნდა განმეორდეს!“ (ბრინჯაო, 1985), „ირემი“ (1962, კერამიკა), სერვიზი (მინა, 1962), „ქალის ტორსი“ (ბროლი, 1964). გააფორმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (1966), შ. ამისულაშვილის „ბალადა“ და სხვ.