ახშანი, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის თემში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ღურულის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, თელავ ‒ახმეტის გზატკეცილზე. ზ. დ. 550 მ, ახმეტიდან 11 კმ. 236 მცხ. (2014).
სოფლის მახლობლად გორაკზე დგას VI ს. II ნახ. სამნავიანი ბაზილიკა გორისჯვარი. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი. ბაზილიკის მაღალი და არცთუ განიერი შუა ნავი ნალისებრი ფორმის აფსიდითაა დასრულებული. გვერდის ნავები ვიწროა და წაგრძელებული. შიგნით გადამხურავი კამარა სვეტების ორ წყვილზე ამოყვანილ საბჯენ თაღებზეა დაყრდნობილი. დამახასითებელი თავისებურებაა სამხრ. შესასვლელში ორ საბჯენზე დაყრდნობილი თაღედის გამოყენება. VI ს-შივე, მაგრამ მშენებლობის II ეტაპზე, აგებულია გარსშემოსავლელი, რ-იც იმეორებს თაღოვანი შესასვლელის მოტივებს. ბაზილიკა რიყის ქვითაა ნაგები, დეკორ. მოტივები შირიმისაა (ჩამატებულია XI–XII სს-ში), შეკეთების დროს გამოყენებულია აგური. სამრეკლო, დას. კედლისა და გარსშემოსავლელის მხატვრობა XV–XVI სს-ისაა.
ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
მ. კარბელაშვილი