ახუნდოვი მირზა ფათალი [30. VI (12. VII). 1812, შაქი, ახლანდ. ნუხა, – 26. II (10. III). 1878, თბილისი], აზერბაიჯანელი მწერალი, განმანათლებელი, ფილოსოფოსი, აზერბ. დრამატურგიის ფუძემდებელი.
მიღებული ჰქონდა ტრად. სპარს.-არაბ. განათლება. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ცნობილი პოეტი და მოაზროვნე მირზა შაფი ვაზეჰი, რ-ის გავლენითაც ა-მა უკუაგდო ადრინდ. გადაწყვეტილება – სას. პირი გამხდარიყო. 1834-იდან მუშაობდა თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, აღმოსავლური ენების თარჯიმნად, ამასთან, თბილ. სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა თურქ. და სპარს. ენებს. ლიტ. მოღვაწეობა 30-იან წლებში დაიწყო. თავისი ცნობილი კომედიებით: „მოლა იბრაჰიმ ხალილი“, „ბოტანიკოსი მუსიე ჟორდანი“, „ლენქორანის ხანის ვეზირი“ (სამივე 1850), „ყაჩაღის დამჯაბნელი დათვი“ (1851), „ძუნწის თავგადასავალი“ („ჰაჯი ყარა“, 1852), „კანონის დამცველები ქალაქ თავრიზში“ (1855) აზერბ. ლიტ-რაში რეალიზმს ჩაუყარა საფუძველი. 60-იან წწ. რუს. კრიტიკამ მას „თათარი მოლიერი“ უწოდა.
ა., როგორც პროგრ. მწერალი და მოაზროვნე, თბილისში ჩამოყალიბდა 40–60-იან წლებში. აქ ეზიარა იგი დემოკრ. იდეებს, დაუახლოვდა პროგრ. ადამიანებს, კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებს, პოლონეთის 1830 აჯანყების მონაწილეებს, აგრეთვე ა. ბესტუჟევ-მარლინსკის, მ. ლერმონტოვს, ხ. აბოვიანს, ა. ბაქიხანოვს, გ. ორბელიანს, რ-იც ა-ის კომედიების პირველი რეცენზენტი იყო, ა. ჭავჭავაძეს, გ. ერისთავს – თანამოღვაწეს როგორც სათეატრო, ისე სამსახურებრივ ასპარეზზე, გ. წერეთელს და სხვ. ა-ის კომედიები კრებულების სახით პირველად თბილისში გამოვიდა (რუსულად – 1853, აზერბაიჯანულად – 1859).
ა-ის კომედიების ქართულად თარგმნაში პირველობა ა. წერეთელს ეკუთვნის. მან 1898 თარგმნა „ხანის ვეზირი“, რ-იც იმავე წელს დიდი წარმატებით დაიდგა. ი. გრიშაშვილმა 1938 თარგმნა პუშკინის გარდაცვალების გამო დაწერილი ა-ის ელეგიური კასიდა. ალ. ლორდელმა (1931, „თურქული მწერლობა“) და გ. შაყულაშვილმა (1965, არმაღანი) თარგმნეს „მოტყუებული ვარსკვლავები“, ვ. ჯანგიძემ ‒ „ძუნწის თავგადასავალი“ (1984), ლ. ერაძემ – რამდენიმე ლირიკული ლექსი და „წერილი ზაქერს“ (1962).
ა-ის მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა აზერბ. და ახლო აღმოსავლეთის ლიტ-რისა და საზ. აზრის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ გ. ორბელიანის აქტ. მეცადინეობით ა. დაკრძალეს თბილისში, ახლანდ. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ვინაიდან ქალაქის მუსლიმანთა მეთაურები წინ აღუდგნენ მის დაკრძალვას მუსლიმანთა სასაფლაოზე ან მის მახლობლად.
თხზ.: თხზულებანი, თბ., 1984.
ლიტ.: გრიშაშვილი ი., მირზა ფათალი ახუნდოვი, თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 4, თბ., 1964; ერაძე ლ., მეგობრობა გზად და ხიდად, თბ., 1977; ფაღავა კ., აზერბაიჯანული და ქართული კულტურული ურთიერთობისათვის, თბ., 1966; მისივე, მირზა ფათალი ახუნდოვი, თბ., 1968; Алиева А., М. Ф. Ахундов и театр, Баку, 1966; Гусейнов Г., Из истории общественной и философской мысли в Азербайджане XIX века, Баку, 1948; Рафили М., Ахундов, М., 1959.
კ. ფაღავა