გიორგი VII

გიორგი VII (გ. 1407), საქართველოს მეფე 1393–1407, ბაგრატ V-ის ძე. იმის გამო, რომ საქართვ. სხვადასხვა კუთხეს განაგებდა, მამის სიცოცხლეშივე იხსენიებოდა მეფედ.

გ. VII-ის მეფობა დაემთხვა საქართველოს ძნელბედობას, თემურლენგის შემოსევების ხანას (იხ. თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში). გ. VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკ. ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. ამავე დროს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რ-ის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან (1399).

გ. VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება (1400). გ. VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გ. VII-ს შორის 1400 დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გ. VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.

1401 თემურლენგმა კვლავ ააოხრა საქართველო. გ. VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან 1403 დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა.

თემურლენგის სიკვდილის (1405) შემდეგ გ. VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გ. VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გ. VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა.

გ. VII ებრძოდა აგრეთვე საქართველოში შემოჭრილ ე. წ. შავბატკნიან თურქმანებს (იხ. ყარა-ყოიუნლუ). დაიღუპა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., თათართა შემოსევები საქართველოში (ბაგრატ V და გიორგი VI), თბ., 1943; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIVსს.), თბ., 1962; კ ა ც ი ტ ა ძ ე  დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975; ო დ ი შ ე ლ ი  ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964; ტ ა ბ ა ტ ა ძ ე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

დ. კაციტაძე