აკეს სტატერი

აკეს სტატერი. ოქრო. ძვ. წ. III ს.
ს. ჯანაშიას სახელობის  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი

აკეს სტატერი, ელინისტური ხანის (ძვ. წ. III ს.) ოქროს მონეტა, ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი.

მხატვრული და ტექ. შესრულებით არ ჩამოუვარდება პროტოტიპს. მასა – 8,45 გ. ოქრო მაღალი ხარისხისაა. მონეტის ავერსზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის პროფილი, რევერსზე – ქალღმერთი ათენა და ბერძნ. წარწერა Basileos Aku – აკე მეფისა. მეფის სახელი აკე სხვა წყაროებით უცნობია. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ იგი კოლხეთის მეფე იყო. მეცნიერებისათვის ცნობილია ორი ასეთი სტატერი, ორივე აღმოჩენილია ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე: ერთი ტრაპიზონის (თურქეთი) მიდამოებში (დაცულია პარიზის მედლების კაბინეტში), მეორე – ხონის მუნიციპ-ის სოფ. კინჩხაში (ინახება საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში).

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა  ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, 2009; კ ა პ ა ნ ა ძ ე  დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; მისივე, Новые материалы к изучению статеров царя Аки, «Вестник древней истории», 1948, № 1; მისივე, О достоверности имени, выбитого на статере базилевса Аки, იქვე, 1949, № 1; Х а р к о  А. П., Существовал ли царь Akes?, იქვე, 1948, № 2.

დ. კაპანაძე