იოანე ლაზი

იოანე ლაზი, იოანე ე ვ ნ უ ხ ი, იეროთეოზი, მითრიდატე ლ ა ზ ი (გ. 464 ან 465, სირია), V ს. ქარ­თვე­ლი საეკლესიო მოღვაწე, პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელი, მისი სულიერი მამა. ს. ყაუხჩი­შვი­ლის აზრით, ი. ლ. (ერისკაცობაში – მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ი. ლ. კონსტანტინოპოლში გაჰყვა ქართველ მეფისწულ მურვანს, რ-იც კეისარ თეოდოსი II-ის კარზე მძევლად იქნა გაგზავნილი. „პეტრეს ცხოვრების" ასურული რედაქციით, ზაქარია რიტორის „საეკლესიო ისტორიის", „სევეროს ანტიოქიელის ცხოვრების" და ზოგიერთი გვიანდ. თხზუ­ლე­ბით კი დასტურდება, რომ ი. ლ. კონსტანტინეპოლში შეხვდა პეტრე იბერს, რ-თანაც დამეგობრდა და გახდა მისი ნათლია, ასევე მისი აზრებისა და მისწრაფებების მოზიარე. ორივე ბერად აღიკვეცა იერუსალიმში და სიკვდილამდე ერთად ეწეოდნენ სამონასტრო საქმიანობას, რასაც ადასტურებს პეტრე იბერის ბიოგრაფი იოანე რუფუსი და არაერთი ქართული წყა­რო. ი. ლ. შემკული იყო მორჩილებით, ზნეობით, რწმენით და თავმდაბლობით.

ი. ლ. ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის მნიშვ­ნელო­ვა­ნი ფიგურაა. შ. ნუცუბიძის მოსაზრება არეოპაგიტული კორპუსის ავტორის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის შე­სა­ხებ, ბელგიელი მეცნიერის, ე. ჰონიგმანის მიერ მიკვლეული ახ. არგუმენტებით არის გამყარებული, რ-იც სწორედ ი. ლ-ის პიროვნებას ეხება. არეოპაგიტული წიგნების ავტორი ხშირად მოიხსენიებს „თავის ღვთაებრივ წინამძღოლს" იეროთეოსს, ამასთან, მსჯელობები ზეციური და ამქვეყნიური იერარქიების შესა­ხებ სწორედ იეროთეოსის მიერ არის გაშლილი არეოპაგიტიკაში. „პეტრეს ცხოვრებაში" აღწერილი ი. ლ-ის ზმანება ზეციურ ძალთა (მათი რაოდენობისა და სახელწოდებების) შე­სა­ხებ უახლოვდება არეოპაგიტულ მოძღვრებაში „ზეცათა მღვდელთმთავრობისათვის" ტრაქტატში წარმოდგენილ ანგელოზთა სამ ტრიადულ რიგს. თუმცა ი. ლ-ის ჩვენებაში ანგელოზთა დიონისური ტრიადების ნაცვლად ზეციურ ძალთა სხვა თანმიმდევრობაა მოცემული. ჰონი­გმანის აზრით, ი. ლ. და იეროთეოსი ერთი და იგივე პიროვნებაა. არეოპაგიტულ წიგნებში მოხსენიებული დიონისეს მასწავლებელი იეროთეოზი არის პეტრე იბერის მეგობრისა და თანამოაზრის, ი. ლ-ის ფსევდონიმი.

წყა­რო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერ­­ლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ტ. 2, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., თბ., 1965; Хонигман Э., Петр Ивер и сочинения Псевдо-Дионисия Ареопагита, пер. с франц. Ш. Нуцубидзе, «თსუ შრომები», 1955, ტ. 59.

ლიტ.: ლ ო ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., არეოპაგიტიკის პრობლემები, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში, თბ., 1973; ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958; მ ი ს ი ვ ე, პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, შრომები, ტ. 5, თბ., 1975; ყ ა უ ხ ჩ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ს., ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, წგ.: ბერძნული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 3, თბ., 1963; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988.

ლ. ზაქარაძე