გოგიაშვილი ანტონ ივანეს ძე [2 (14). XII. 1878, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1907 (10. I. 1908), თბილისი], გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სას. სასწავლებელი. მხატვრული განათლება მიიღო თბილ. სამხატვრო სასწავლებელში (1901–06).იზიარებდა XIX–XX სს. მიჯნაზე საქართველოში გავრცელებულ დემოკრ. იდეებს. თანამშრომლობდა გაზეთების რედაქციებთან: „კვალი", „ცნობის ფურცელი", რ-ებშიც აქვეყნებდა ქართვ. ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველ („გლეხის კერა", „შობის ხეების გაყიდვა") და დოკუმენტურ („გიორგი წერეთლის გასვენება") ჩანახატებს. „ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში იბეჭდებოდა გ-ის მიერ საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შესრულებული ჩანახატები, რომელთაგან გამორჩეულია ლირ. განწყობილებითა და სიფაქიზით შესრულებული პეიზაჟები. ჩანახატებით: „დარბევა" და „ტყეში შეფარებული გურულები" (ორივე 1906, საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი. თბილისი) მხატვარი 1905 რევოლუციას გამოეხმაურა.
გ-ს ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის" (1896) და ი. ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის" (1901), რ. ერისთავის ლექსების („სესიას ფიქრები“, „სამშობლო ხევსურისა", „თრიალეთელი მწყემსი", „დაჭრილი") ილუსტრაციები და სხვ. გ-ის ნახატები დაცულია საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში.