გოგებაშვილი იაკობ სიმონის ძე

ი. გოგებაშვილი.

გოგებაშვილი იაკობ სიმონის ძე [15 (27). X. 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1(14). VI. 1912, თბილისი], პედაგოგი, საზ. მოღვაწე მეცნიერული პედაგოგიკისა და საგანთა სწავლების მეთოდიკის ფუძემდებელი საქართველოში, განმანათლებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა გორის სას. სასწავლებელში, შემდეგ – თბილ. სას. სემინარიაში. ახალგაზრდა გ. 1861 ჩაირიცხა კიევის სას. აკადემიაში. სწავლის პერიოდში (1861–63) გაეცნო რუს. რევოლუციონერ- დემოკრატთა იდეებს, აგრეთვე ჩ. დარვინისა და ა. ჰუმბოლდტის მატერიალისტ. შეხედულებებს. ავადმყოფობის გამო 1863 მიატოვა აკადემია და სამშობლოში დაბრუნდა. 1864 დანიშნეს თბილ. სას. სასწავლებელში გეოგრაფიისა და არითმეტიკის მასწავლებლად, 1865 – ზედამხედველად, ხოლო 1868 – ინსპექტორად. თბილ. სას. სასწავლებელში გ. გამოირჩეოდა თავისუფალი აზროვნებით, მოსწავლეებს ხშირად აკითხებდა მატერიალისტური შინაარსის წიგნებს, რის გამოც გ. „არასაიმედო პირთა" სიაში მოხვდა. 1873 რუსეთიდან სპეციალურად გამოგზავნილმა სინოდის რევიზორმა გ-ს ბევრი რამ დასწამა და სასწავლებლიდანაც დაითხოვა. ამ დროიდან მოკიდებული, გ. ქადაგებდა რელიგიისა და მეცნიერების ჰარმონიული თანაარსებობის იდეას. მას მტკიცედ სწამდა, რომ ქრისტ. ზნეობა მხოლოდ დედაენას შეეძლო ჩაენერგა ბავშვის გონებასა და გულში. გოგებაშვილის ნაშრომები გ-მა შეადგინა და 1865 გამოსცა „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", რ-შიც გამოყენებული იყო სწავლების უახლესი პროგრ. მეთოდები. შეადგინა და 1868 გამოსცა აგრეთვე ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელო „ბუნების კარი", რ-იც გათვალისწინებული იყო საკითხავ წიგნად დაწყებითი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეთათვის. „ბუნების კარი" ნახევარი საუკუნის მანძილზე ემსახურებოდა საქართველოში საბუნებისმეტყველო ცოდნის გავრცელების საქმეს. 1876 გამოსცა „დედა ენა ", რ-იც პოპულარულ წიგნად იქცა. ანბანის სახელმძღვანელოთა შედგენის ისტორიაში გ-მა საქართველოში პირველმა დაიწყო წერა-კითხვის სწავლება აზრიანი სიტყვებითა და ფრაზებით, რამაც საშუალება მისცა სწავლის პროცესი თავიდანვე შეგნებულობის პრინციპზე დაეფუძნებინა. სახელმძღვანელო 59 შედგენილია წერა-კითხვის სწავლების ანალიზურ-სინთეზური მეთოდის შესაბამისად. უახლესი მეთოდების საფუძველზე შექმნა ასევე რუს. ენის სახელმძღვანელო „რუსსკოე სლოვო" (1887), რ-იც თავისი დიდაქტ.-მეთოდიკური ღირსებებით საუკეთესოდ იქნა აღიარებული რუს. იმპერიაში. გ-ის სახელმძღვანელოთა მიხედვით შედგენილია შემდგომ პერიოდში საქართველოს სკოლებში მოქმედი ქართ. და რუს. ენების დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები. გ-ის დამსახურებაა ისიც, რომ მან შექმნა „დარიგება მასწავლებელთათვის". ანუ ქართ. და რუს. ენების სწავლების მეთოდიკის კურსები, რითაც საფუძველი ჩაუყარა სწავლების მეთოდიკის მეცნიერულ განვითარებას საქართველოში. გ. მონაწილეობდა XIX ს. დასასრ. და XX ს. დასაწყ. ყველა იმ ეროვნ.-კულტ. ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, რ-ებიც საგანმან. მიზნებს ემსახურებოდა. იგი აქტიურად იღვწოდა „ღარიბ მოსწავლეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების" დაარსებისათვის (1878). სწორედ ამ საზ-ბამ გახსნა თბილისში პირველი ქართ. სახალხო სკოლა თავისი პანსიონით 1879 (1890 ქართ. გიმნაზიად გადაკეთდა). განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასაარსებლად გაწეულ მოსამზადებელ მუშაობასა და დაფუძნებაში (1879). გ. 20 წლის განმავლობაში იყო მისი გამგეობის წევრი, სასკოლო და სახელმძღვანელოების კომისიის თავ-რე, 1890-იდან კი – საზ-ბის საპატიო წევრი. იგი მატერიალურად ეხმარებოდა ამ საზ-ბას და თავისი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილიც უანდერძა. გ. აღიარებულია ქართ. სამეცნ. პედაგოგიკის მამამთავრად; მან შექმნა პროგრ.-დემოკრატიული მეცნ. პედაგოგიკური მოძღვრება.

350px|thumb

გოგებაშვილის შეხედულება აღზრდის მეთოდებზე. გ-ის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების, XIX ს. 60-იანი წლების საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობისა და ქრისტ. მოძღვრების ზეგავლენით, ხოლო მისი პედ. შეხედულებები – მრავალსაუკუნოვანი ქართ. კულტურის, საზღვარგარეთის პროგრ. პედ. მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმედებითი გადამუშავების შედეგად. გ-თვის აღზრდის, განათლების შინაარსისა და მიმართულების განმსაზღვრელი იყო ხალხურობის პრინციპი, ამ პრინციპის საფუძველზე იგი ყოველ პედ. პრობლემას ეროვნ. პოზიციებიდან წყვეტდა. აყალიბებდა ქვეყნის, ხალხის ინტერესებისა და კონკრეტული ისტ. ვითარების შესაბამის აღზრდისა და სწავლების სისტემას და მთელი სიცოცხლის მანძილზე სამოციანელებთან (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ი. მაჩაბელი, ნ. ცხვედაძე და სხვ.) ერთად ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლებისა და სწავლების დამკვიდრებისათვის იბრძოდა. ამასთან ერთად, გ. რუს. ენის ცოდნის სარგებლობას ქადაგებდა და მისი შესწავლის აუცილებლობას აღიარებდა. პირველმა შემოიტანა განმავითარებელი აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების დიდაქტ. პრინციპებად შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანმიმდევრულობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება აღიარა.

გ. აღზრდის ძირითად მიზნად მიიჩნევდა „ახალი ტიპის ქართველის" – გონებრივად, ზნეობრივად, ესთეტიკურად, ფიზიკურად განვითარებული პიროვნების – ჩამოყალიბებას. გ-ის ყველა სახელმძღვანელო, წერილი თუ მოთხრობა გამსჭვალულია დემოკრატიზმის, ჰუმანიზმის, სამშობლოს სიყვარულისა და სხვა ხალხებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით. მის მსოფლმხედველობაში ერთმანეთთან იყო შერწყმული ეროვნ. და სოც. იდეები. ამავე დროს, იგი სასტიკად ილაშქრებდა ეროვნ. ნიადაგს მოწყვეტილი იმ „სოციალისტების" წინააღმდეგ, რ-ებიც უგულებელყოფდნენ ეროვნ. პრობლემებს და წინა პლანზე სოც. საკითხებს წამოსწევდნენ. გ. სიკეთედ თვლიდა პროგრ. რუსეთთან კავშირს, მაგრამ ვერ ურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, გარუსების პოლიტიკას. გ. მოითხოვდა განათლებასთან, მეცნიერებასა და კულტურასთან ხალხის ზიარებას, მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბებას მშობელი ხალხის სულიერი კულტურის ნიადაგზე. გ-ის ზოგადპედაგოგიური, მეთოდიკური და სოც.-პოლიტ. შეხედულებები ასახულია მის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა", „ხე ნაყოფით იცნობება", „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში", „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში", „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ", „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი", „განათლების მდგომარეობა საქართველოში", „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები", „რანი ვიყავით გუშინ?" და სხვ. გ-ის მეთოდიკურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „დარიგება მასწავლებლისათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერაკითხვისა ქართულ ანბანში და პირველ საკითხავ წიგნში", „დედანი ქართული წერისა", „მეთოდიკური სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის", „რუსული ენის სასწავლო სახელმძღვანელოთა გარჩევა", „ქართული და რუსული ალფავიტები პედაგოგიური თვალსაზრისით", „მასწავლებელთა და მშობელთათვის" (წინასიტყვაობა „ბუნების კარისა") და სხვ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

გოგებაშვილის მოთხრობები. გ-ის საბავშვო მოთხრობები საინტერესო და მისაწვდომია ბავშვებისათვის. მათში რეალისტურად და მაღალმხატვრულად არის ასახული ბუნებისა და საზ. ცხოვრების ესა თუ ის მოვლენა. მოთხრობებისათვის იგი იყენებდა მდიდარ ხალხ. შემოქმედებას. ზნეობის საკითხებისადმი მიძღვნილი მისი მოთხრობები („ქურდი და მამალი", „მერცხალი და მეცხვარე", „ცხვარი და მარტი", „დევნილი მეგობარი", „ბეღურა", „ლომი", „მერცხალი", „აქლემი", „ორაგულის ცხოვრება", „ნამი", „ცისარტყელა" და სხვ.) აგებულია ხალხ. ანდაზებზე. მსოფლიოს გამოჩენილ ბუნებისმეტყველთა ნაშრომების გამოყენებით დაწერილ მოთხრობებში გ. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს. მოზარდთათვის განსაკუთრებით მიმზიდველია „ქართლის ცხოვრების" სიუჟეტებზე აგებული საისტორიო მოთხრობები („ასპინძის ომი", „იოთამ ზედგინიძე", „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", „ცოტნე დადიანი", „თავდადებული მღვდელი თევდორე", „სხივი წარსულისა", „სამასი თავდადებული გლეხი", „ხატის მიზეზით?", „საარაკო თავგადასავალი ტახტის მემკვიდრისა", „თავდადებული ქართველი ექიმი", „საშინელი სასჯელი მოღალატისა" და სხვ.), რ-ებიც ადამიანს შთააგონებს სამშობლოს სიყვარულს. მისი ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?" ყოველი ქართველის სულიერი თანამგზავრია ბავშვობიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

გ-ის აქტ. მონაწილეობა ყოველმხრივ უწყობდა ხელს და პრაქტიკულადაც განსაზღვრავდა საყმაწვილო ჟურნალების („ნაკადული", „ნობათი" და „ჯეჯილი ") პედ. მიმართულებას.

350px|thumb

გოგებაშვილის ქველმოქმედებები. გ. არ იშურებდა სახსრებს სახ. განათლებისათვის: მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მასწავლებლებს, საზ. მოღვაწეებს, პოეტებსა და მწერლებს; სისტემატურად უგზავნიდა ფულს საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართვ. სტუდენტებს, მთავრობის მიერ რეპრესირებულ, გადასახლებაში მყოფ პოლიტ. პატიმრებს და სხვ. გ., მისი ანდერძის თანახმად, დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში ბ. ღოღობერიძისა და ნ. ცხვედაძის გვერდით. 1940 დაბადების 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში. გარდაცვალების შემდეგ 1976 ჩატარდა „დედა ენის" 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გაიმეორეს გ-ის სიცოცხლეში გამოცემული „დედა ენისა" და „ბუნების კარის" პირველი და ბოლო გამოცემები. თბილისში აიგო ძეგლი „დედა-ენა, ცოდნის ზარი" (მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ნ. მგალობლიშვილი, ბრინჯაო, 1983). გ-ის ხსოვნის უკვდავსაყოფად გატარდა მრავალი ღონისძიება: მისი სახელი მიენიჭა პედაგოგიკის მეცნ. ეროვნ. ინტს, საქართვ. პედაგოგიურ საზ-ბას, პედ. ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ უნ-ტს, თბილ. პედაგოგიურ სასწავლებელს, თბილ. ერთ-ერთ ქუჩას (ვერე). მემორიალური დაფა გაუკეთდა მის საცხოვრებელ სახლს თბილისში, დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე. აიგო ძეგლი გ-ის საფლავზე; დაწესდა გ-ის სახ. მედალი (ანიჭებს საქართვ. განათლების სამინისტრო), პრემია (I და II ხარისხის, ანიჭებს საქართვ. პედ. საზ-ბა), სტიპენდია (ანიჭებდა ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტი, პედ. სასწავლებელი და სხვ.); დამკვიდრდა სახ. დღესასწაული „იაკობობა" (1971-იდან; იმართება ყოველწლიურად, ოქტ. ბოლო კვირადღეს სოფ. ვარიანში) და სხვ.; 1952–65 გამოვიდა გ-ის თხზულებათა ათტომეული, 1976 – რჩეულ თხზულებათა ერთტომეული, 1982 – მხატვრული ნაწარმოებების კრებული „საგანძური" და სხვ. 1990 გ-ის დაბადებიდან 150 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად მომზადდა გ-ის შრომებისა და წერილების 20-ტომეული (გამოიცა 9 ტ.), 5-ტომეული (შემდგენლები ვ. გაგუა, დ. გურგენიძე, გ. სიხარულიძე, ლ. ქაჯაია, ვ. რამიშვილი, კ. მაჭარაშვილი, თბ., 1989–90); გაკეთდა მასწავლებლის მაგიდის კალენდარი გ-ის ნაწარმოებთა თემაზე (რედაქტორები ვ. გაგუა, დ. გურგენიძე, თბ., 1990), 1999 – ცნობარი მასწავლებელთათვის (კალენდარი ასტროლოგიური მონაცემებით, შემდგენლები: ა. ბუაძე, ა. სამადაშვილი).

თხზ.: რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერები, ტ. 1, თბ., 1910; რჩეული ნაწერები ოთხ ტომად, ტ. 2, თბ., 1940; თხზულებანი, ტ. 1–10, თბ., 1952–65; რჩეული პედაგოგიური თხზულებანი, თბ., 1977; საგანძური, თბ., 1982; თხზ. ხუთ ტომად, თბ., 1989–90; საღმრთო ისტორია, თბ., 1992; თხზულებათა 20-ტომეული (გამოიცა 9 ტ.), თბ., 1990–97; მოთხრობები, სკოლამდელთათვის, თბ., 1940; მოთხრობები მოზრდილთათვის, თბ., 1950; მოთხრობები მცირეწლოვანთათვის, თბ., 1951; Избр. педагогические сочинения, М.,1954.

ლიტ.: გ უ რ გ ე ნ ი ძ ე  დ., მარად უჭკნობი ეროვნული დიდება, თბ., 1976; თ ა ვ ზ ი შ ვ ი ლ ი  გ., იაკობ გოგებაშვილი, თბ., 1960; თ ა ლ ა კ ვ ა ძ ე  მ., ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ., 1952; იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად, ტფ., 1913; იაკობ გოგებაშვილი (საიუბილეო კრებული), თბ., 1940; იაკობ გოგებაშვილი (საიუბილეო კრებული), თბ., 1960; იაკობ გოგებაშვილის ბრძნული გამონათქვამები, თბ., 1990; იაკობ გოგებაშვილი – 150, თბ., 1991 (შემდგ. ვ. მაჭარაშვილი); იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონი, თბ., 1994 (შემდგ. გ. შალამბერიძე); ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  დ., დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი (დაბადებიდან 120 წლისთავის გამო), თბ., 1960; მ ი ს ი ვ ე, ქართული კულტურის მარგალიტი – ი. გოგებაშვილის "დედა ენა", თბ., 1976; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  ვ., ი. გოგებაშვილის "დედა ენა", თბ., 1979; მ ი ს ი ვ ე, ი. გოგებაშვილი, თბ., 1979; ჯ ი ბ ლ ა ძ ე გ., იაკობ გოგებაშვილი – ახალი ქართული პედაგოგიკის მამა, თბ., 1976.

დ. გურგენიძე

გ. კვანტალიანი