გობეჯიშვილი გერმანე თედორეს ძე (17. I. 1911, სოფ. ღები, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1973, თბილისი), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. კანდიდატი (1943). 1945-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში; 1960–73 იყო ბრინჯაოს ხანის არქეოლ. განყ-ბის გამგე. 1936–65 გ-ის ხელმძღვანელობით გათხრილი და შესწავლილია ზემო რაჭის, კერძოდ, მდ. რიონის სათავეების არქეოლ. ძეგლები (იხ. ბრილი ). ამ გათხრებთან არის დაკავშირებული ქართ.-კავკ. მეტალ. წარმოების საწყისი საფეხურისა და ნატიფი ხელოვნების ძეგლების აღმოჩენა და კვლევა. 1945–48 ცხინვალში გათხარა სამოსახლო-საკულტო ძეგლი ნაცარგორა. 1956–71 არქეოლ. გათხრები ჩაატარა თეთრწყაროში (იხ. თეთრიწყაროს ნასოფლარი). მის მიერ გამოვლენილ არქეოლ. ძეგლებს დიდი მნიშვნელობა აქვს მტკვარ-არაქსის კულტურის გენეზისისა და კავკასიის, კერძოდ, საქართველოს, ადგილ. მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომთა ისტ. უძველესი მონაკვეთის კვლევისათვის. ხოლო ბედენზე ჩატარებულმა გათხრებმა (იხ. ბედენის გორასამარხები) ახლებურად დასვა ე. წ. თრიალეთის კულტურის წარმოშობა-გავრცელების საკითხი.
თხზ.: არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1952; მცხეთა, [ტ.] 1 – არმაზის არქეოლოგიური ძეგლები 1937–1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955 (თანაავტ.); საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959 (თანაავტ.); თეთრი წყაროს ნასოფლარი, თბ., 1978; ბედენის გორასამარხების კულტურა, თბ., 1980.