გოგელია ანა ფილიპეს ასული

გოგელია ანა ფილიპეს ასული (30. V. 1906, ქ. ყარსი, ახლანდ. თურქ. ტერიტ., – 27. VIII. 1997, თბილისი), ერთ-ერთი პირველი არქიტექტორ-რესტავრატორი ქალი საქართველოში. დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი (1936). მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქკომუნპროექტში", პარალელურად – არქიტ. ძეგლების აღრიცხვა-ფიქსაციასა და შესწავლაზე (აჭარის არ, ახალციხისა და ზესტაფონის რ-ნები, ჭიათურის ზონა და სხვ.).

1951- იდან მუშაობდა სპეც. სამეცნ.- სარესტავრაციო სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად. მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტ. ძეგლის შესწავლასა და აღდგენითი პროექტების შედგენაში: გორის ციხე (რ. გვერდწითელთან ერთად), თუშმალიშვილების კოშკი (ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი), ალავერდის კომპლექსის გალავნის კონსერვაცია (გ. ჭეიშვილთან და გ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ.

ს. კინწურაშვილი