გინკგო (Ginkgo), შიშველთესლოვან ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი გინკგოსნაირთა ოჯახისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა რელიქტური ორნაკვთიანი გ-სი (G. biloba) 30–40 მ სიმაღლისა და 1–9 მ დიამეტრის ორსახლიანი გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს გრძელყუნწიანი მარაოსებრი ფოთლები.
ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ აღმ. ჩინეთის მცირე ტერიტორიაზე, სადაც წიწვოვან და ფართოფოთლოვან მცენარეებთან ერთად ქმნის ტყეებს. დეკორ. მცენარედ მოშენებულია მსოფლიოს მრავალ ბოტან. ბაღსა და პარკში.
საქართველოში შემოტანილია XIX ს. 60-იან წლებში შავი ზღვის სანაპიროზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთის დაბლობზე, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს. ინტროდუქცირებულია აღმ. საქართველოშიც, კერძოდ, თბილისში (ბოტან. ბაღში). სამშობლოში 1000 წლამდე ცოცხლობს. ყინვაგამძლეა და ჩვენში შეიძლება მისი კულტივირება ზ. დ. 800 მ სიმაღლემდე.