მეტრეველი საბა-ფირუზ შოთას ძე (დ. 29. VII. 1970, სოფ. რიონი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი (2004). 1989 – 94 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე; 1990 – 93 – ამავე უნ-ტის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ზე გერმ. ენის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილ. 55-ე საჯარო სკოლაში (1994 – 2007), პეტრე იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნ-ტში (1994 – 95), თსუ-ში (2003 – 06), მცირე აკადემიაში (2005 – 07), აგრარულ უნ-ტში (2011). პერიოდულად თანამშრომლობდა გაზ. „თბილისსა“ (1995 – 97) და „ქართულ უნივერსიტეტთან“ (1999 – 2003); საზ. რადიოსა (2008 – 18) და საპატრიარქოს რადიო „ივერიასთან“ (2007 – 11). 1998-იდან არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი; 2014-იდან – საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის პროფესორი; 2021-იდან – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ქართ. ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთავარი სამეცნ. რედაქციის წამყვანი სამეცნ. რედაქტორი.
მ-ის სამეცნ. ინტერესისა და კვლევის სფეროებია ლიტ-რის ისტორია, კრიტიკა, ქართ. დრამ. თეატრის ისტორია და ესთეტიკა. ავტორია მონოგრაფიებისა: „აგიოგრაფიული სიტყვა და ლოგოსი“ (2000), „ქართული აგიოგრაფიის (IV–X) იკონოგრაფიული სახისმეტყველება“ (2008), „ტრაგიკული ტალანტი“ (2012). «წმინდა ასურელ მამათა „წამება - ცხოვრებანი“» (2014), „კომუნისტური აგიოგრაფია“ (2015), „ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი“ (2018), „ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები – აგიოგრაფია“ (2020); „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (2022).
თხზ.: მსახიობის სიტყვათმეტყველება, თბ., 2009; ილია და აკაკი, თბ., 2011; თამაშის ხელოვნება, თბ., 2016; გამოლოცვანი, თბ., 2017.
მ. თუშიშვილი