ალიხანაშვილი მარიამ (მერიკო) ვანოს ასული

მ. ალიხანაშვილი

ალიხანაშვილი მარიამ (მერიკო) ვანოს ასული (24. III. 1920, ქუთაისი,  - 29. III. 1994, პარიზი, საფრანგეთი), თეატრის და კინოს მსახიობი, რადიოწამყვანი. 1921 ა. მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. გარკვეული პერიოდი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, 1923-იდან კი პარიზში გადავიდა. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ შევიდა გომონ-პალასის კლასიკური ცეკვის სკოლაში, ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა სასწავლებელი დაეტოვებინა. 1941 ჩაირიცხა პარიზის ხელოვნების აკადემიაში, ქანდაკების განყ-ბაზე.   სწავლის დასრულება ვერც იქ შეძლო. 1943 პროფ. ფ. ბელანთან გაიარა დრამ. ხელოვნ. კურსი, რ-მაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი მომავალი პროფესია. 1945-იდან დაიწყო სამსახიობო კარიერა. კლასიკურ და თანამედროვე პიესათა დადგმებში შეასრულა შემდეგი როლები: ტელვა (ა. კასონას „ცისკრის ქალბატონი“), ალბინა ( ჟ. რასინის „ბრიტანიკუსი“),   ვოლუმნია (უ. შექსპირის „კორიოლანოსი“), ენონა (ჟ. რასინის  „ფედრა“), სელესტინა (ფ. დე როხასის „სელესტინა“) და სხვ.

ა-მა მალე მიიქცია კინემატოგრაფისტთა ყურადღებაც. ცნობილი რეჟ-ბის ფილმებში შეასრულა როლები:  ალბერტინა ("მკვლელები და ქურდები", რეჟ. ს. გიტრი. 1957), მადამ ჟორჟი ("პარიზის საიდუმლოებანი", რეჟ. ა. იუნებელი, 1962), მადამ ფლორინდი ("გამოუსწორებელი", რეჟ. ფ. დე ბროკა, 1975), მადამ პაკო ("მანდილოსანი მანქანაზე სათვალითა და თოფით", რეჟ. ა. ლიტვაკი, 1970), მადმუაზელ ვინევა ("მიჰყევით ამ თვითმფრინავს", რეჟ. პ. ამბარდი, 1989), კატრინი ("პირადი ცხოვრების გასართობები", რეჟ. კ. კომენჩინი, 1990) და სხვ.  ა-მა შექმნა ეკატერინე მედიჩის განსაკუთრებით შთამბეჭდავი  სახე ა. დიუმას რომანის მიხედვით 1971 გადაღებულ სატელევიზიო მინისერიალში „გრაფინია დე მონსორო“.  ა.  ასევე  მონაწილეობდა  მრავალ სპექტაკლში, ფილმში, სატელევიზიო სერიალსა და გადაცემაში.

1947-იდან  ა. აქტიურად მონაწილეობდა რადიოგადაცემებში. საბავშვო გადაცემაში „ღამის კარიბჭესთან“ ფრანგ ბავშვებს პირდაპირ ეთერში უკითხავდა ზღაპრებს, ხოლო, ემიგრანტული ჟურნ. „კავკასიონის“ ცნობით, ის იყო პირველი სტერეოფონური გადაცემის, „სპარსელების“  წამყვანი.

 

ნ. ბლიაძე