„დილა“

„დილა“(სააქციო საზოგადოება), ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა ქ. გორში. დაარსდა 1958 „გორიხელსაწყოს“ სახელწოდებით. 1971 იგი, როგორც საცდელი ქ-ნა, გადაეცა საქართვ. მრეწვ. საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტს (მრეწვავტომატსაკი) და ეწოდა გორის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა. 1974–85 ქარხანა, სამეცნ.–კვლ. ინ-ტთან ერთად, შედიოდა თბილ. სამეცნ.–საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოში". 1985 ისინი გამოეყვნენ „ანალიზხელსაწყოს“ და მათ საფუძველზე შეიქმნა გორის საწარმოო გაერთიანება „დილა" (ექვემდებარებოდა სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროს). ქ-ნას ეკავა 5 ჰა მიწის ფართობი, ჰქონდა გალვანური, საიარაღო, ამწყობი, მექანიკური, სამღებრო, პლასტმასების, ბეჭდვითი ფირების საამქროები. მისი ძირითადი პროდუქცია იყო ანალიზური და მაკონტროლებელი ზუსტი ხელსაწყოები: აკუმულატორის უნივერს. დასამუხტავი მოწყობილობა, ავტოინვენტორი (მუდმივი ძაბვის ცვლად ძაბვად გარდამქმნელი), ძაბვის სტაბილიზატორი, ელექტროენერგიით უწყვეტად კვების მოწყობილობა, სხვადასხვა სახის სას.- სამ. დანიშნულების ტექ. ნიმუშები, ანალიზური მოწყობილობები (ტენმზომი, კონდუქტომეტრული კონცენტრატომეტრი, ავტომ. თერმოჰიგრომეტრი, ლამის დონის განმსაზღვრელი სიგნალიზატორი და ა.შ.) და სხვ. ქ-ნამ თავისი არსებობის მანძილზე გამოუშვა 100-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ხელსაწყო. პროდუქცია გადიოდა რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. გაერთიანების მიერ წარმოებულ პროდუქციას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ.შ. აღსანიშნავია 1990 ესპანეთში მოწყობილი გამოფენის სპეც. ჯილდო, რ-იც მიეკუთვნა ხელსაწყოს – ნარჩენი ქლორის ანალიზატორი (АХС-203). 1994 გორის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „დ." ამჟამად ქ-ნა ძირითადად ასრულებს კერძო დაკვეთებს.

ლ. აბრამიშვილი