მულტიპლიკაციური ფილმი

"წუნა და წრუწუნა". რეჟისორი ა. ხინთიბიძე. 1959.

`არგონავტები". რეჟისორი ვ. მუჯირი, მხატვარი ლ. გუდიაშვილი. 1936.

„კომბლე". რეჟისორი გ. კასრაძე. 1979.

"გავარდნილები". რეჟისორი დ. სიხარულიძე. 2008.

მულტიპლიკაციური ფილმი (ლათ. multiplikacio – გამრავლება), სინთეზური აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, კინოხელოვნების სახეობა. დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება ტერმინი ანიმაცია (ლათ. anaimation – გაცოცხლება). -ს საფუძვლად უდევს მხატვრის მიერ შექმნილი, კინო- და ვიდეოფირზე ან ციფრულ მატარებელზე ფიქსირებული ბრტყელი და მოცულობითი გამოსახულებების ეკრანზე ამოძრავების, „გაცოცხლების“ ოპტიკური ილუზია, რ-იც იქმნება მოძრაობის ფაზების თანამიმდევრული კადრების გადაღების გზით. მ. ფ. შეიძლება იყოს ნახატი (გრაფიკული, ფერწერული, სილუეტური, ბრტყელ მარიონეტებზე დაფუძნებული), მოცულობითი (თოჯინური, ბარელიეფური, სამგანზომილებიანი საგნებისა და ცოცხალი პერსონაჟების კადრობრივ გადაღებაზე დაფუძნებული) და კომპიუტერული. მხატვრული გამომსახველობის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკა და მასალა (პლასტილინი, თიხა, ქვიშა, ყავა და სხვ.).

მ.ფ-ს საფუძველი ჩაეყარა კინემატოგრაფის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. „ცოცხალი ნახატები“ სათავეს იღებს XIX ს-ში ევროპ. მეცნიერების (ჟ. პლატო, ს. ფონ შტამფერი და სხვ.) გამოგონებათა საფუძველზე შექმნილი ოპტიკური სათამაშოებიდან (ფენაკისტისკოპი, სტრობოსკოპი და სხვ.). 1892 წ. 28 ოქტომბერს პარიზის „გრევენის თეატრში“ თავისი პირველი გრაფიკული ფილმები აჩვენა გამომგონებელმა და მხატვარმა ე. რეინომ (მის პატივსაცემად 2002-იდან 28 ოქტომბერი აღინიშნება როგორც ანიმაციის საერთაშ. დღე). -ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ე. კოლმა, პ. გრიმომ (საფრანგეთი), ჯ. ს. ბლექტონმა, უ. მაკეიმ, უ. დისნეიმ, მ. ფლეიშერმა (აშშ), ვ. სტარევიჩმა, ფ. ხიტრუკმა, რ. კაჩანოვმა, ი. ნორშტეინმა, ა. ხრჟანოვსკიმ, ა. პეტროვმა (რფ), ნ. მაკლარენმა (კანადა), ო. ტაძუკიმ (იაპონია) და სხვ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხანაში მულტიპლიკაციამ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.

საქართველოში XX ს. 20-იან წლებში მულტიპლიკაციას დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების ჩანართი დიაგრამებისა და ცხრილებისათვის, მოგვიანებით კი აგიტსიუჟეტებისთვის ქმნიდნენ. ამ დროიდან შემორჩა მხატვრული ფილმების – „ჩემი ბებიას“ (რეჟ. კ. მიქაბერიძე) და „საბას“ (რეჟ. მ. ჭიაურელი) მულტიპლიკაციური ეპიზოდები. 1936 გამოვიდა რეჟ. ვ. მუჯირისა და მხატვარ ლ. გუდიაშვილის ნახატი ფილმი „არგონავტები“ (თანამედროვე ზღაპარი კოლხეთის ჭაობიანი ადგილების დამორჩილების შესახებ). 1937 საქართველოში მყოფი ფრანგი ჟურნალისტი პ. ვორმსი წერდა: „იმ დროს, როდესაც მსოფლიო გატაცებულია უ. დისნეის ფილმებით, პატარა საქართველოს კინემატოგრაფია ქმნის თავის დამოუკიდებელ და სხვათა გავლენისგან თავისუფალ ნახატი ფილმის ხელოვნებას“, მაგრამ „სოციალისტური რეალიზმის ფორმალიზმთან“ ბრძოლამ დიდი ხნით დააბრკოლა განვითარება. XX ს. 50-იანი წლების II ნახ-ში ქართ. მულტიპლიკაციის აღორძინებაში დიდი წვლილი შეიტანეს ა. ხინთიბიძემ („ჩხიკვთა ქორწილი“, 1957; „წუნა და წრუწუნა“, 1959; „მტრობა“, 1961) და ვ. ბახტაძემ (სერია „ხელმარჯვე ოსტატი“, 1957-80). 70-იანი წლების დასაწყისში მულტიპლიკაციური კინოს რეჟისურაში მოვიდნენ მხატვარ-მულტიპლიკატორები: მ. ბახანოვი („რანინა“, 1974), შ. ჭავჭავაძე („ჯადოსნური ცრემლი“, 1978; „ნიუტონის ვაშლი“, 1980; „ჭრელი პეპელა“, 1981), ბ. შოშიტაიშვილი („კაცუნები“, 1978; „ტუსაღი“, 1984; „ალიყური, 1989“), ი. დოიაშვილი („ოპტიმისტი“, 1972; „ბუმბული“, „ოპტიმისტური მიანიატიურა“, ორივე – 1978; „ღამურა“, 1981), ი. სამსონაძე („ბრძენი და ვირი“, 1978), გ. ა. კასრაძე („ქარიშხალი ზღვაზე“, 1976; „კომბლე“, 1979), გ. ბ. კასრაძე („უკანასკნელი წვეთი“, 1977; „საიდუმლო“, 1980), მხატვართა ჯგუფმა „სამეულმა“ („კონკურენცია“, 1970; „სად არის ჩემი სავანა?“, 1975), რ-ებმაც სახვითი ენის განახლების, ახალი ტექნოლოგიების ათვისების გზით წარმართეს ძიებები, უპირატესობა მიანიჭეს რედუცირებულ მულტიპიკაციას. ჩამოყალიბდა სხვადასხვა თემატური და ჟანრული ტენდენციები. ანეკდოტის, ყოფითი და ფილოს. იგავის, იგავ-არაკის გვერდით ფეხს იკიდებდა ლირ., ჯადოსნური და ფილოს. ზღაპარი. შეიქმნა მუს. მ. ფ-ები („მგელი და კრავი“, რეჟ. გოგი და გივი კასრაძეები, 1981; „ტყის კვარტეტი“, რეჟ. მ. სარალიძე, 1984). მულტიპლიკაციური კინო ფერწერული და გრაფიკული გამომსახველობის სხვადასხვა ხერხით გაამდიდრეს მხატვრებმა ზ. ნიჟარაძემ და მ. მალაზონიამ; სცენარები დაწერეს კინორეჟისორებმა: მ. კობახიძემ, ი. კვირიკაძემ, რ. ესაძემ; 80-იანელეთა თაობიდან – დ. თაყაიშვილმა („ყორანი“, 1981; „ბაბილინა“, 1985), დ. სიხარულიძემ („გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“, 1984; „ჯან, ბაბაჯან!“, 1986), ლ. სულაქველიძემ („მიწა თავისას მოითხოვს“, 1983; „დიდი ტალღა და პატარა ტალღა“, 1985; „მეფე და ჩიტი“, 1985), ლ. ჭყონიამ („ჟანგიანი რაინდი“, 1984; „ბო-ბო“, 1986). ქართველმა რეჟისორებმა მულტიპლიკაციის ხელოვნებისადმი არსებითად განსხვავებული დამოკიდებულებით წარმართეს მხატვრული ძიებები. მათ შექმნეს ქართვ. პერსონაჟები, გადმოსცეს იმ პერიოდის სულიერი განწყობილება, გაამდიდრეს პოეტიკა, გააფართოვეს ესთეტ. ჰორიზონტები. 1992-იდან ფინანსური სირთულეების გამო მ. ფ-ის წარმოება თითქმის შეჩერდა, 2000-იდან კი მუშაობა განახლდა უკვე დამოუკიდებელ სტუდიებში. სახელმწ. ფინანსური მხარდაჭერითა და კერძო დაფინანსებით შეიქმნა სერიალი „კვაჭის თავგადასავალი“ (რეჟ. დ. სიხარულიძე, 2005), პირველი ქართ. სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმი „წმინდა მელა“ (რეჟ. შ. ჭავჭავაძე, 2005), 3D ფორმატის პირველი ფილმი „გავარდნილები“ (რეჟ. დ. სიხარულიძე, 2008), სერია „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“ (2007–09), „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“ (რეჟ. მ. კანდელაკი, 2014), „ფრანი“ (რეჟ. ვ. სულაქველიძე, 2017). ფილმები გადაიღეს ახალგაზრდა რეჟისორებმა: ს. ქათამაძემ („ბებო“, 2013), მ. ტყეშელაშვილმა („მეთევზე და გოგონა“, 2018), ა. ჩუბინიძემ („ჯიბის კაცი“, 2017), დ. კიკნაველიძემ („ჰორიზონტი“, 2018), ნ. ნიკოლაშვილმა („ლილე“, 2018) და სხვ.

მ. კერესელიძე