მუზეუმთმცოდნეობა, მუზეოლოგია, სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მუზეუმების შექმნას, მათ საზოგადოებრივ ფუნქციებს, სამუზეუმო საქმის თეორიისა და მეთოდიკის საკითხებს, მ. შ.: სამუზეუმო ექსპონატების შენახვის, კვლევის, გამოფენისა და პოპულარიზაციის პრინციპებს. მ-ის განვითარება ვლინდება როგორც სამუზეუმო პრაქტიკის მრავალმხრივობით, ისე სპეც. სამეცნ. ლიტ-რის შექმნით (პერიოდული გამოცემები, მონოგრაფიები და სხვ.).
საქართველოში მ-ს ღრმა, მრავალმხრივი ისტორია აქვს. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის კულტ.-საგანმან. პროცესებთან.
პირველი მუზეუმები საქართველოში ჩამოყალიბდა XIX ს. ბოლოს, ამავე პერიოდში გაჩნდა კერძო კოლექციებიც, რ-ებიც ერთგვარ მუზეუმებს წარმოადგენდნენ.
საბჭ. პერიოდში მუზეუმები გარკვეულწილად იდეოლოგიური აღზრდის ინსტრუმენტად გადაიქცა, თუმცა იმავდროულად დაიწყო პროფ. მ-ის განვითარება: ჩამოყალიბდა მუზეუმის სპეციალისტთა მომზადების სისტემა, თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გაჩნდა შესაბამისი კურსები.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მ. განვითარების ახ. ეტაპზე გადავიდა: წამოიჭრა მუზეუმების მოდერნიზაციის, საერთაშ. სტანდარტების დანერგვის, ციფრული ტექნოლ. გამოყენებისა და სხვ. აქტუალური საკითხები.
მ-ის ძირითადი მიმართულებებია: მუზეუმის მენეჯმენტი და ადმინისტრირება, მ-ის სპეციალისტთა აღზრდა-განათლება, საზ-ბასთან ურთიერთობა, კოლექციების დაცვა და კონსერვაცია, მუზეუმის დიზაინი და ექსპოზიცია, დიგიტალიზაცია და ციფრული მუზეუმები. ამასთანავე, საქართველოში მ-ის ძირითადი ამოცანებია: საერთაშ. თანამშრომლობა (ICOM, UNESCO), ტურისტული პოტენციალის ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია (AR/VR, ციფრული არქივები), ახალგაზრდების დაინტერესება მუზეუმით, როგორც საგანმან. სივრცით.
საქართველოში მ. აქტიურად ვითარდება, რაც აისახება მუზეუმების, ორგანიზაციებისა და ინ-ტების საქმიანობაში. ქვეყანაში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და დაწესებულება, რ-ებიც მ-ის განვითარებასა და მხარდაჭერაზე ზრუნავენ. ესენია: საქართვ. მუზეუმების ასოციაცია (GMA, დაარსდა 2003), რ-ის მიზანია მუზეუმების სფეროს განვითარება ეროვნ., რეგიონულ და საერთაშ. დონეზე. იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშ. ორგანიზაციებთან, (ICOM, UNESCO, NEMO და სხვ.), მონაწილეობს მუზეუმების პოლიტიკის შემუშავებაში, ხელს უწყობს მუზეუმების ქსელის განვითარებასა და მუზეუმთმცოდნეების პროფ. გაძლიერებას.
საქართვ. ეროვნ. მუზეუმი (GNM, დაარსდა 2004) აერთიანებს ქვეყნის 16 მუზეუმს. მისი მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სამეცნ. კვლევების განხორციელება და საგანმან. საქმიანობის განვითარება. GNM-ში დაცულია მრავალფეროვანი არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების კოლექციები. მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშ. ორგანიზაციებთან და მონაწილეობს საგანმან. და კულტ. პროექტებში.
ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი (Georgian National Center of Manuscripts) არის სამეცნ.-კვლ. დაწესებულება, რ-ის სპეციალიზაციაა ხელნაწერების, ისტ. დოკუმენტებისა და არქივების შესწავლა და დაცვა.
მ-ის სფეროში განათლების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა უნ-ტში, მ. შ. თსუ-ში, თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში და სხვ. აღნიშნული დაწესებულებები უზრუნველყოფენ თეორ. და პრაქტ. ცოდნის მიღებას, რაც მნიშვნელოვანია მ-ის პროფ. განვითარებისთვის.
საქართვ. მუზეუმები და მუზეუმთმცოდნეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშ. ორგანიზაციებთან, როგორიცაა ICOM, UNESCO და NEMO. ეს თანამშრომლობა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. ასევე მუზეუმები მონაწილეობენ საერთაშ. გამოფენებსა და კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას საერთაშ. დონეზე.
იხ. აგრეთვე სტ. მუზეუმი.
თ. ალიბეგაშვილი