მუზარადა

მუზარადა (Scutellaria), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად – ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. აქვთ მარტივი, ბეწვით შებუსული მოპირისპირე ფოთლები, ჯამი ზარისებრი და ორტუჩაა. ზედა ტუჩს ზურგის მხარეზე სავარცხლისებური გამონაზარდი აქვს, გვირგვინს – გრძელი მილი და ორტუჩა გადანაღუნი. ზედა ტუჩი თითქმის ჩაჩისებურადაა (მუზარადივით) ჩაზნექილი.

მსოფლიოში 300-მდე სახეობაა გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 12 სახეობა, მათგან ერთი – S. helenae საქართვ. ენდემია. იზრდება ძირითადად კლდეებზე, ნაშალებზე, ქვიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან ალპურამდე. -ს მრავალი სახეობა დეკორატიულია.

მ. ივანიშვილი