მტრედისნაირნი (Columbiformes), ფრინველთა რიგი. უმეტესად საშუალო და დიდი (გვირგვინოსანი მტრედი, მასა – 3 კგ, სხეულის სიგრძე – 80 სმ-მდე), იშვიათად პატარა ტანის (გვრიტი, მასა – 30 გ) ფრინველებია. გადაშენებული არამფრენი მტრედების – მავრიკიული (Raphus cucullatus) და როდრეიგესული (Pezophaps solitaria) დრონტების (დოდოები) მასა იყო 10–28 კგ. ფართოდ არიან გავრცელებული ზომიერ და ტროპ. სარტყლებში. მ. მოიცავს მტრედისებრთა და დრონტისებრთა (ამ უკანასკნელის სტატუსი საკამათოა, უმთავრესად ითვლება ქვეოჯახად) ოჯახებს, აგრეთვე 51 გვარის 360-მდე სახეობას (10 ამომწყდარია). საქართველოში ბინადრობს 6 სახეობა: გარეული მტრედი (Columba livia), გვიძინი (Columba oenas), ქედანი (Columba palumbus), ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur), საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto) და მცირე გვრიტი (Streptopelia senegalensis).
მ. დღის, უმთავრესად მეხეური (იშვიათად ნიადაგური) ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან, უფრო ნაკლებად – წიწვოვან ტყეებში, მთებში, ღია და კულტურულ (ანთროპომორფულ) ლანდშაფტში. მონოგამებია. ახასიათებთ წელიწადში 2 (იშვიათად 4–5) კვერცხდება. დედალი დებს 1–2 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 14–30 დღე. დედალი კვებავს მართვეებს ჩიჩახვის ეპითელიუმის გამონაყოფით, ე. წ. „ჩიტის რძით“. იკვებებიან მცენარეული საკვებით, მოლუსკების ნიჟარებით. მრავალი სახეობა სპორტული ნადირობის ობიექტია.
ა. ბუხნიკაშვილი