„მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული თხზულება. იგი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველია „მ. ქ-ს“ ქრონიკა, რ-შიც მოკლედაა მოთხრობილი ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებიდან IX ს-მდე. მეორე ნაწილი „წმ. ნინოს ცხოვრებაა“, რ-შიც ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიაა გადმოცემული. ასეთი შედგენილობის გამო „მ. ქ“ არც სუფთა ისტ. ნაწარმოებია და არც ჰაგიოგრაფიული. დღეისათვის ცნობილია „მ. ქ-ს“ ოთხი რედაქცია: შატბერდული (1888 აღმოაჩინა ე. თაყაიშვილმა, „ქრონიკა“ გამოაქვეყნა 1890, ხოლო „წმ. ნინოს ცხოვრება“ – 1891), ჭელიშური (XIV–XV სს. 1903 აღმოაჩინა ა. ხელაიამ, მან 1910 ე. თაყაიშვილთან ერთად გამოაქვეყნა „მ. ქ-ს“ შატბერდული და ჭელიშური რედაქციები) და სინური (N/sin-48, N/sin-50, აღმოჩნდა 1990 სინის მთის ეკატერინეს მონასტერში). ამ რედაქციებიდან შატბერდულს ფურცლები აკლია შიგნით, ხოლო ჭელიშურს – დასაწყისში. „მ. ქ-ს“ ჭელიშური რედაქცია უფრო ვრცელია, მაგრამ შატბერდულში უფრო უხვი ცნობებია. რაც შეეხება სინურ რედაქციებს, N/sin-48 რედაქციის ტექსტი თავშიც და ბოლოშიც ნაკლულია. N/sin-50 კრებულია, რ-შიც „მ. ქ-ს“ ტექსტთან ერთად გაერთიანებულია „ასურელ მამათა ცხოვრების“ წიგნები. N/sin-50-ში ქრონიკის დიდი ნაწილი – დასაწყისიდან ქართლში ფარსმან სხუაჲს მეფობამდე (გ. 535), დაკარგულია. დანარჩენი ნაწილი IX–X სს-ით თარიღდება.
ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისი, რომ „მ. ქ-ს“ ქრონიკა თითქოს IX ს-ში შექმნილი უძველესი სამოქალაქო საისტორიო ნაწარმოებია და XI ს. მოღვაწე ლეონტი მროველმა „მეფეთა ცხოვრება“ ძირითადად „ქრონიკაზე“ დაყრდნობით დაწერა, დიდხანს იყო გაბატონებული ქართ. მეცნიერებაში. XX ს. 80-იანი წლებიდან ზ. ალექსიძის, ი. ლოლაშვილის, რ. სირაძის, მ. ჩხარტიშვილისა და სხვათა კვლევების შედეგად მიღებული დასკვნების გათვალისწინებით თანდათან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ IV ს. ქართლის სამეფოში უკვე არსებობდა ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანისადმი (იხ. მირიან III) მიძღვნილი „ქრონიკა“ („მირიანის ქრონიკა“). „ქრონიკის“ შემქმნელს მირიან მეფის წინაპრები მხოლოდ პიროვნებათა სახით აინტერესებდა, ამიტომ ისე, როგორც ეს მათე მოციქულთანაა (მას აბრაჰამიდან მოკიდებული ქრისტეს წინაპართა სახელები აქვს ჩამოთვლილი, მათე 1.1-16), „ქრონიკას“ წინ იმხანად არსებული „ჟამითი-ჟამად“ ნაწერი „მეფეთა ცხოვრებიდან“ მირიანის წინაპარი წარმართი მეფეების სია დაურთო (მან ფარნავაზიან მეფეთა რიგში ქართლის დამპყრობი არიან-ქართლის მეფის ძე აზოც კი შეიტანა). აღნიშნულმა განაპირობა „მირიანის ქრონიკასა“ და „მეფეთა ცხოვრებაში“ ქართლის წარმართი მეფეების რიგის იდენტურობა.
„მირიანის ქრონიკა“ რომ მირიან მეფის (გ. 334) თანადროულად შეიქმნა, ამას მოწმობს მასში ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში გარდაცვლილი მისი უფროსი ძის – რევის ცოცხლად მოხსენიება [რევი და მისი მეუღლე სალომე დაბა ბოდინში მომაკვდავ ნინოსთან (გ. 332) ერთად ჩავიდნენ]. IV ს-შივე შეიქმნა „წმ. ნინოს ცხოვრება“. მას „მოგონებათა კრებულის სახე“ აქვს (პ. ინგოროყვა). ნინოს ბიოგრაფიის სხვადასხვა მომენტს იგონებენ: ავტორი (კრებულის შემქმნელი), თვით ნინო, ებრაელი ქალი სიდონია, მამამისი აბიათარი, იმპერიიდან მოსული მღვდელი იაკობი და მირიან მეფე. „ნინოს ცხოვრების“ ამ ტექსტიდან მომდინარეობს ქართლის მოქცევის ბიზანტიური (II ს.) და სომხური (V ს.) ვერსიები (მ. ჩხარტიშივილი, რ. სირაძე, გ. კუჭუხიძე. ვ. გოილაძის თანახმად, ბიზანტ. ვერსიას საფუძვლად უნდა დასდებოდა ის ჩანაწერები, რ-ებიც ბრანჯმა მთავარდიაკონმა ქართველთა მონათვლისას გააკეთა). როგორც გაირკვა, „მირიანის ქრონიკის“ ავტორის მიერ ერთ-ერთ წყაროდ დასახელებული გრიგოლ დიაკონის „მოკლედ აღწერილი ქართლის მოქცევის წიგნი“, რ-შიც მცხეთაში ჯვრის აღმართვისა და „პატიოსანი ჯვრის“ მიერ მოხდენილი სასწაულებია აღწერილი, „მ. ქ-ს“ შატბერდული ვერსიის „ნინოს ცხოვრებაში“ XIV თავადაა შეტანილი (ვ. გოილაძე). „ნინოს ცხოვრებიდან“ მომდინარედ ითვლება „ქრონიკის“ ტექსტში არსებული „ნინოს ცხოვრების“ მცირე რედაქცია (მ. ჩხარტიშვილი).
369-იდან ქართლის ერთ ნაწილში ფარნავაზიანთა სამეფო სახლის – რევიანთა შტოს დამაარსებლის, თრდატ რევის ძის გამეფებამ და 369–439 ქართლში ორი სამეფოს არსებობამ „მირიანის ქრონიკის“ ტექსტის შემდგომ ჩამოყალიბებასა და შინაარსზეც მოახდინა გავლენა. მასში მირიან მეფის შემდგომი ხანის ისტორია, როგორც ჩანს, რევიანული ორიენტაციის ავტორის მიერაა შევსებული. აღნიშნულით უნდა აიხსნას „ქრონიკაში“ მირიან მეფის უმცროსი ძის, ბაკურის, რევის ძედ გამოცხადება და მის მეფობაში რევ მირიანის ძის ისევ ცოცხლად მოხსენიება, თხრობის ისე წარმართვა, თითქოს ქართლი კვლავ ერთ სამეფოს წარმოადგენდა. თხრობისას ერთმანეთშია არეული ფარნავაზიანთა სახლის ბაქარიანთა და რევიანთა შტოების მეფეები. „წმ. ნინოს ცხოვრებაზე“ დართულ მირიან მეფის ანდერძში ნანა დედოფლისადმი „სამეფო განძის“ (როგორც ეს წმ. ნინოს ცხოვრების ლეონტისეულ ტექსტშია) ნაცვლად სამეფოს ორად გაყოფაზეა მოთხოვნა (რევიანი უფლისწულის, პეტრე იბერის ასურულ „ცხოვრებაში“ ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ „დიდი ბაკურია“ დასახელებული). „ქრონიკის“ ტექსტის ასეთი ცვლილებით რევიანები თავიანთი მეფობის ლეგიტიმაციას ახდენდნენ.
რევიანთა მიერ ქართლის სამეფოს ერთ ნაწილში ხელისუფლების დაკარგვის (439) შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ზეობაში, როდესაც დღის წესრიგში ანტიოქიის საპატრიარქოსგან ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვება დადგა, „მ. ქ-ს“ ქრონიკა სათანადო ცნობებით შეივსო. „ქრონიკის“ ამ ნაწილში თხრობა შედარებით ვრცელია. მასში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მითითება, რომ ქართლის მოქცევიდან ვახტანგ მეფის მიერ ქართლის პირველ კათოლიკოსად დასმულ პეტრემდე (ე. ი. ავტოკეფალიის მოპოვებამდე) რ ო (170) წელი იყო გასული: „გარდაცვალებულ იყვნეს [მეფენი] ათნი (ამ ათ მეფეში თრდატ რევის ძის გარდა ბაქარიანი მეფეებიც იგულისხმებიან) და მთავარებისკოპოსნი ათცა მეტნი“ (შატბ. ვერსია).
ვახტანგ მეფის გარდაცვალების (491) შემდეგ „ქრონიკა“ კვლავ შეივსო სტეფანოზ II ფარნავაზიანის დრომდე (VI ს. შუახანები). „მ. ქ-ს“ ჭელიშურ და N/sin-50-ის რედაქციებში არის მითითებები – „ესე გამოკრებულად არსო“. ზ. ალექსიძის თანახმად, IX ს. 30-იან წლებში „ქრონიკას“ ერისმთავართა და კათოლიკოსთა (არსენ II, ევსუქი, ბასილი) სია უნდა დართვოდა და შექმნილიყო ის პროტორედაქცია, რ-იდანაც უნდა მომდინარეობდეს „მ. ქ-ს“ შატბერდული რედაქცია. IX ს. 70-იან წლებში ცნობილი ჰაგიოგრაფის, მიქაელ მოდრეკილის დისწულებმა – იოანე ბერამ და დავითმა „მ. ქ-ს“ ტექსტის გადაწერისას „ქრონიკაში“ ქართლის კათოლიკოსთა რიგი კვლავ სამი კათოლიკოსის (მიქაელ, დავით, არსენი) სახელით შეავსეს, რის შემდეგაც „ქრონიკამ“ ის სახე მიიღო, რ-იც ჩვენ „შატბერდის კრებულში“ გვაქვს.
სუმბატ დავითის ძეს ბაგრატიონთა სამეფო სახლის ისტორიის შედგენისას „მ. ქ-ს“ ქრონიკის ასეთი ტექსტი ჰქონდა ხელთ და, რადგან მასში ხშირად მითითებული არაა ერისმთავართა ურთიერთნათესაობის შესახებ, როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილი ამბობს, ბაგრატიონთა ისტორიის შეკოწიწებისას სუმბატმა ადარნასე ფარნავაზიანი სტეფანოზ I ბაგრატიონის, ხოლო გუარამ კურაპალატი (ბაგრატიონი) სტეფანოზ II ფარნავაზიანის ძეებად გამოაცხადა. სუმბატ დავითის ძის ეს გადაცდომები ქართულმა ისტორიოგრაფიამ ისტორიულ რეალიებად მიიჩნია (მაგ., გოილაძე ვ., „ქართლის ერისმთავრები სტეფანოზ I და ადარნასე“, თბ., 2020). საერთოდ „მ. ქ-ს“ ქრონიკის ცნობებისადმი გადაჭარბებულმა ნდობამ ადრეფეოდ. ხანის ისტორია დიდად დააზარალა.
„მ. ქ-ის“ ძირითადი გამოცემებია: სამი ისტორიული ხრონიკა, ტფ., 1890; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I (V–X სს), თბ., 1963; შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979; მოქცევაჲ ქართლისაჲ – ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 2007; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ძველი ქართული ტექსტი ახ. ქართული პარალელური თარგმანით (ნ. ნიკოლოზიშვილის), ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად (რედ. ლ. აბაშიძე), ტ. 1, თბ., 2008; ქართლის მოქცევა, ახალ ქართულზე გადმოღებული ტექსტი და ძველი ვერსიების რედაქცია ე. გიუნაშვილისა, გამოკვლევა, მიმოხილვა და კომენტარები ვ. გოილაძისა, თბ., 2009; Такайшвили Е. С., Описание рукописей „Общества распространения грамотности среди грузинского населения“, т. 2, Тфл., 1906–1912; მისივე, Источники грузинских рукописей – Три хроники: Сб. материалов для описания местностей и племён Каяказа, в. 28, Тфл., 1900; Обращение Грузии, Перевод с древнегрузинского Е. С. Такаишвили. Редакзционная обработка, исследование и комментарий М. С. Чхартишвили, Тб., 1989.
ლიტ.: ინგოროყვა პ., ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, თხზულებათა კრებული, ტ. 4, თბ., 1978; კაკაბაძე ს., საისტორიო ძიებანი, ტფ., 1924; კეკელიძე კ., „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს შედგენილობა, წყაროები და ეროვნული ტენდენციები, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ლორთქიფანიძე მ., ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1966; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.
ზ. ალექსიძე
ვ. გოილაძე