მოტოსპორტი

მოტოსპორტი. გ. გახელაძე.

მოტოსპორტი, ტექნიკური სპორტის ფართოდ გავრცელებული სახეობა. აერთიანებს სპეციალურ, საერთო სარგებლობის გზებსა და არენაზე ერთი ან მეტი მოტოციკლის მონაწილეობით გამართულ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ შეჯიბრებებს. საერთაშ. სამოტოციკლო ფედერაცია (Fédération Internationale de Motocyclisme – FIM) დაარსდა 1904. ევროპის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ჩატარდა 1955, მსოფლიოს ჩემპიონატი კი – 1957. შეჯიბრება ტარდება ორთვლიანი, ეტლიანი და სპეციალური (ტრიციკლები და კვადროციკლები) სერიული, სპორტული და სარეკორდო მოტოციკლებით, ხოლო მოტოციკლების ტიპისა და ძრავას მოცულობის მიხედვით ასევე იყოფა კატეგორიებად, ჯგუფებად და კლასებად. შეჯიბრების სახეობებია: საგზატკეცილო-წრიული (ტარდება ჩაკეტილ, ვირაჟებიან და მყარსაფარიან გზებზე); მოტოკროსი (ბუნებრივსაფარიან გზებზე და უგზოობისას); სატრეკო (წრიული რბოლა ბალახის, ხრეშის ან ყინულის საფარის მქონე არენაზე); მრავალჭიდი (სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრება); მოტორალი (წინასწარ განსაზღვრული სიჩქარის დაცვასა და ორიენტირებაში); მოტობურთი (ფეხბურთი მოტოციკლით); სარეკორდო რბოლა (დადგენილ დისტანციაზე ერთი ან რამდენიმე მოტოციკლით სიჩქარეში შეჯიბრება).

საქართველოში -ის განვითარება დაიწყო 1956-იდან, 70-იან წლებში რუსთავთან აშენდა რესპ. სპორტ.-ტექ. კომპლექსი, რ-შიც შედიოდა მოტოკროსის ტრასა და მოტობურთის სტადიონი. საქართვ. სპორტსმენები საპრიზო ადგილებს იკავებდნენ სსრკ შეჯიბრებებში.

90-იან წლებში კომპლექსი მოიშალა და სპორტის ეს სახეობა პრაქტიკულად გაქრა. სპორტის ამ სახეობის აღორძინება დაიწყო 2013, როდესაც დაფუძნდა საქართვ. ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია (სნმფ). 2019, რეორგანიზაციის შემდეგ, ფედერაცია აქტიურად ჩაება მოტოსპორტის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში. 2022 ქ. რიმინიში (იტალია) მოტოფედერაციის მიერ გამართულ ასამბლეაზე სნმფ გახდა მისი სრულუფლებიანი წევრი.

2023 სნმფ-ის ეგიდით საქართველოში გაიმართა 14 შეჯიბრება 5 სხვადასხვა დისციპლინაში, პირველად გაიმართა მოტოჯიმხანას შეჯიბრების 3 ეტაპი და ჩამოყალიბდა ახალი მოტოდისციპლინა; შეჯიბრებაზე – „საქართველოს ჩემპიონატი მოტოდრაგში“ – დაფიქსირდა მრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა.

მოტოსპორტი

პროფესიონალ მოტომრბოლელთათვის გაიმართა საქართვ. ჩემპიონატის 3 ეტაპი წრიულ რბოლაში, სადაც უცხოელი მრბოლელებიც იღებდნენ მონაწილეობას. 2023 გაიმართა საქართვ. ჩემპიონატის 3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში. პირველად საქართველოში მოეწყო საჩვენებელი შეჯიბრების 2 ეტაპი „ედვენჩერ კლასის“ მოტოციკლებს შორის. სნმფ-მ საქართველოში პირველმა დანერგა ლიცენზირების სისტემა, რათა მოტოსპორტი უსაფრთხო იყოს თითოეული მრბოლელისთვის. 2023 შეიქმნა ფედერაციის ოფიციალური ელექტრონული პლატფორმა. იმავე წელს გაიმართა ღონისძიება, რ-იც დასრულდა გალა დაჯილდოებით. მას ესწრებოდნენ ქართველი მოტომრბოლელები, შესაბამისი სამთავრობო უწყების წევრები და სსფ-ის წარმომადგენელი დ. ძამანა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილების მფლობელი მოტომრბოლელები შესაბამის დისციპლინებში.

ქართველმა მოტომრბოლელმა გ. გახელაძემ ენდურო მოდელის მოტოციკლეტით პირველმა გაიარა (2023) თბილისის ზღვაზე 80 კმ/სთ სიჩქარით და მსოფლიოს სამ საუკეთესო მრბოლელს შორის დაიკავა ადგილი, შემდეგ კი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100 კმ/სთ სიჩქარით 33 კმ გაიარა, რითაც ავსტრალიელი მრბოლელის – რ. მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა (2024).

გ. ჩიქოვანი