მოტივი მუსიკაში, (იტალ. Motivo – მოტივაცია, ლათ. motus – მოძრაობა) მუსიკალური სტრუქტურის უმცირესი ელემენტი, მელოდიის უმარტივესი რიტმული ერთეული, შედგენილი ბგერათა მოკლე თანამიმდევრობით და გაერთიანებული ერთი ლოგიკური აქცენტით. აქვს დამოუკიდებელი გამომსახველობითი მნიშვნელობა. მ., როგორც წესი, მოიცავს ერთ ძლიერ დროს და ამიტომ ხშირად უტოლდება ერთ ტაქტს. ზოგჯერ მ. უფრო მცირე კონსტრუქციულ ნაწილებად – სუბმოტივებად იყოფა. სუბმოტივი არ არის დასრულებული აზრობრივი ერთეული, ამიტომ ის მხოლოდ მთლიანის ნაწილია. მ. ხშირად შედგება ძლიერი და სუსტი დროებისაგან ან პირიქით. მ-ის ასეთ სახეობას ეწოდება მყარი მ. არსებობს მ-ის 3 ტიპი: ჰარმონიული (კონკრეტული აბსტრაქტული აკორდების სერია, რ-იც არაა დაკავშირებული მელოდიასთან და რიტმთან), მელოდიური (ინტერვალებისაგან დამოუკიდებელი მელოდიური ფორმულები) და რიტმული (სახასიათო რიტმული ფორმულა, მელოდიის აბსტრაქტული ნაწილი). მთავარი არის მ., რ-იც გვხვდება რამდენიმენაწილიანი ნაწარმოების დასაწყისში და აერთიანებს მათ. მუს. დამუშავება (მაგ., სონატურ ფორმაში და სხვ.) ეყრდნობა მკაფიო მუს. ფიგურას, რ-იც შემდგომ იცვლება, მეორდება მუს. ნაწარმოებში ან მის ნაწილებში და განაპირობებს ნაწარმოების მთლიანობას. ამგვარი მოტივური დამუშავება სათავეს იღებს დ. სკარლატის შემოქმედებაში და ვენის კლასიკოსთა (ი. ჰაიდნი, ვ.ა. მოცარტი, ლ. ვ. ბეთჰოვენი) სონატურ ფორმაში. მოტივური დამუშავების ტექნიკამ მწვერვალს მიაღწია ლ. ვ. ბეთჰოვენის შემოქმედებაში. ამის კლასიკური ნიმუშია მე-5 სიმფონიის დასაწყისი – ცნობილი „ბედისწერის თემა“, რ-ითაც იწყება ნაწარმოები და ჩნდება სხვადასხვა ნაწილში. ყოველდღიურ მეტყველებაში ტერმინი „მ.“ ხშირად აღნიშნავს მელოდიას, ჰანგს.
ლიტ.: Mазель Л., Строение музыкальных произведений, М., 1960; Тюлин Ю., Строение музыкальной речи, Л., 1962.
მ. ჯაფარიძე