მოტა (Motta) ჯუზეპე (29. XII. 1871, – 23. I. 1940), შვეიცარიის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი, შვეიცარიის კონფედერაციის კათოლიკური კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და უცვლელი ლიდერი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი (1915, 1919–20, 1932 და 1937). 1910-იდან იყო შვეიცარიის ეროვნ. და ფედერ. საბჭოების წევრი. 1920-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა შვეიც. კონფედერაციის პოლიტ. დეპარტამენტს, 1920-იდან იყო ერთა ლიგაში შვეიცარიის დელეგაციის მუდმივი თავ-რე, ერთა ლიგის პრეზიდენტი (1924–25). ლიგის ხაზით იგი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკას (1918–21). 1921-იდან ერთა ლიგის წინაშე მუდმივად აყენებდა საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს და გეგმავდა კიდეც ჩვენი ქვეყნის ოფიციალურად ცნობას, მაგრამ საბჭ. ჯარების მიერ საქართვ. ოკუპაცია-ანექსიამ არ მისცა ამის საშუალება. 1920 მ-ს დაჟინებული მოთხოვნით საქართვ. წევრად მიღების საკითხი დააყენეს ლიგის საერთო კრების წინაშე. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მან შეძლო საკითხის კენჭისყრაზე გატანა. საქართველოს რესპუბლიკამ 23-იდან მიიღო 10 ხმა (ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა იმავე კრებაზე 5–5 ხმა მიიღეს). საქართველოს წევრობაზე უარი უთხრეს. მიუხედავად ამისა, მ-ს და სხვა რამდენიმე პიროვნების წინადადებითა და შუამდგომლობით საქართვ. მიეცა ლიგის ტექნ. და სხვა კომისიებში მეთვალყურისა და ასოცირებული წევრის სტატუსით მონაწილეობის უფლება; გარდა ამისა, გადაწყდა ლიგის მომდევნო საერთო კრებაზე (1921) საკითხის ხელმეორედ განხილვა, მაგრამ 1921 საქართველო უკვე ოკუპირებული იყო საბჭ. ჯარების მიერ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დროს ლიგის წევრები გახდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. 1922 ლიგის მე-6 კომისიის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მ-ს მოთხოვნით მიიღეს სპეც. რეზოლუცია, რ-იც ითვალისწინებდა ლიგის წევრ სახელმწიფოთა ზრუნვას საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. 1924 ლიგის საერთო კრების მე-15 სხდომაზე, რ-საც მ. თავმჯდომარეობდა, კვლავ დააყენეს საქართვ. საკითხი და მიიღეს ახ. რეზოლუცია. 1934, როდესაც წყდებოდა ერთა ლიგაში სსრკ-ის მიღების საკითხი, მ. ამის წინააღმდეგ ვრცელი, საბჭოთა კავშირის გამანადგურებელი მოხსენებით გამოვიდა. იგი აღნიშნავდა, „საერთო კრების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გამოტანილი რეზოლუციები ვერ დაიძინებს მკვდრის ძილით. არ შეიძლება ამის თაობაზე ითქვას: აწი ეს საკითხი აღარ დაისმება. მთელი მსოფლიოს სიმპათიები თან სდევს იმ გმირებს, რომელნიც იცავენ თავიანთ სიცოცხლეს და თავიანთ ბედს. ასეთ საკითხებს ვერ გააბათილებს დროთა მსვლელობა“.
ლიტ.: მანველიშვილი ა., რუსეთი და დამოუკიდებელი საქართველო, სან-ფრანცისკო, 1984; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; ურუშაძე ლ., მას უნდა იცნობდეს საქართველო, „თავისუფალი საქართველო“, 1991, №26; შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 5, თბ., 2004.
ლ. ურუშაძე