მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე საქართველოსი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, სკოლისგარეშე სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის სათავო დაწესებულება საქართველოში.
საქართვ. მოსწავლეთა ეროვნ. სასახლის შენობა, იმდროინდელი მთავარმართებლის სასახლე, 1802 აიგო. 1807 იგი ახალმა შენობამ შეცვალა, რ-საც შუა ნაწილში სამსართულიანი, ფრონტონით დაგვირგვინებული რიზალიტი ჰქონდა, პირველ ორ სართულს კი გარს უვლიდა აივანი. გადაკეთების შემდეგ ფასადი კლასიცისტური არქიტექტურის ნორმებით გაფორმდა (პირველი სართულის მართკუთხა ბოძები და ბრტყელი თაღები საჭექი ქვებით, მეორე სართულის ტოსკანური კოლონადა, ყრუ რიზალიტები განაპირას, კლასიკური კარნიზი და სხვ.). XIX ს. 10-იანი წლების ბოლოს შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა (მისი ფასადი ჩანს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის „თბილისის პანორამაში“; 1831). სასახლე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, დაემატა მისაღები დარბაზები, მთავარმართებლის მრავალრიცხოვანი პირადი აპარტამენტები, მოახლეთა ოთახები, საბილიარდო, „ზამთრის ბაღი“ და სხვ. ახალი ფასადის საფუძველი კვლავ პირველი სართულის თაღედზე აღმართული დორიული კოლონადაა, ფასადის შუა ნაწილს კი მკაფიოდ გამოჰყოფს ფრონტონით დაგვირგვინებული ექვსსვეტიანი პორტიკი. განაპირა ფრთები ნიშებში ჩასმული ქანდაკებებით მთავრდებოდა – ერთ მხარეს ჰერკულესის ფიგურა ყოფილა, მეორე მხარეს – მინერვასი, ანუ ძალისა და სიბრძნის სიმბოლოების. 1864–69 თბილ. არქიტექტორის ო. სიმონსონის პროექტით მოხდა სასახლის რეკონსტრუქცია. შენობა ისევ გაფართოვდა, შეიცვალა მისი დაგეგმარებაც. ფასადის დამუშავებისას კლასიცისტური მოტივები შეიცვალა რენესანსულით. ამ რეკონსტრუქციის შედეგად შენობამ მიიღო დღევანდელი არქიტ. იერი. 1918–21 შენობაში განთავსებული იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის პარლამენტი, 1921–37 – საბჭ. საქართვ. მთავრობა, ხოლო 1941-იდან – პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე (1991-იდან მ. ა. ე. ს.).
1937 საქ. კპ ცკ-ის გადაწყვეტილებით მეფისნაცვლის ყოფილი სასახლე ბავშვებს გადაეცათ და პიონერთა და ოქტომბრელთა რესპ. სასახლე ეწოდა. იგი გაიხსნა 1941 წ. 2 მაისს პიონერთა და მოსწავლეთა რესპ. სასახლის სახელწოდებით. თავდაპირველად მუშაობდა 6 განყ-ბა (24 კაბინეტის 93 წრე). სასახლემ უდიდესი როლი შეასრულა ახალგაზრდების ქართ. ეროვნ. სულისკვეთებით აღზრდაში, პროფ. ორიენტაციის მიგნებასა და პირველადი პროფ. ჩვევების ჩამოყალიბებაში. აქ აღიზარდა მრავალი მომავალი ლიტერატორი, მეცნიერი, თეატრ. მოღვაწე, სპორტსმენი და სხვ., რ-ებსაც ასწავლიდნენ პროფესიონალი პედაგოგები: ქ. ანანიაშვილი (ლიტერატურა), ი. მიქელაძე (ისტორია), მ. ერისთავი (ტურიზმი, ფენოლოგია), ნ. ჩხეიძე (თეატრი), ვ. ქარსელაძე (ჭადრაკი), გ. მესხი (სახვ. ხელოვნება) და სხვ. 1957-იდან სასახლის სტამბა უშვებდა მრავალტირაჟიან გაზ. „გაზაფხულს“. 1989-თვის სასახლეში ფუნქციონირებდა პოლიტ. მასობრივი (ინტერნაციონალური აღზრდის, მასობრივი მუშაობის, უცხ. ენათა კაბინეტები, გასართობებისა და სათამაშოების სექტორი, რადიოსტუდია, ლექტორიუმი); მეთოდური (სასკოლო, სკოლისგარეშე, საზაფხულო მუშაობის, საგამომცემლო სექტორები, ბ-კა); პიონერული და კომკავშირული (კომკავშირული, პიონერული, უფროს პიონერხელმძღვანელებთან მუშაობის, პიონერული ორგანიზაციის ისტორიის, ვ. ი. ლენინისა და მისი თანამებრძოლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემსწავლელი კაბინეტები); ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ქართ. ენის, ქართ. ლიტ-რის, ფოლკლორის, უცხ. ენათა, რუს. ენისა და ლიტ-რის, სამართალმცოდნეობის კაბინეტები, ნორჩ შემოქმედთა სტუდია); მხარეთმცოდნეობისა და ტურიზმის (მხარეთმცოდნეობის, ტურიზმისა და ალპინიზმის, გეოგრაფია-გეოლ. კაბინეტები); მეცნიერებისა და ტექნიკის (მათ., ფიზ., ასტრონ., კოსმონავტიკის, ქიმ., ხაზვის, რადიოტექნიკოსთა, ავიამოდელისტთა და გემთმოდელისტთა კაბინეტ-ლაბორატორიები); ნატურალისტთა (ბიოლ., სოფ. მეურნ. კაბინეტები); ესთეტიკური აღზრდის (სახვითი და კინო-ფოტო, თეატრ., ქორეოგრ., მუს. სექტორები, 7 ქორეოგრ. ანსამბლი, 13 მუს. კოლექტივი და ჯგუფი), სპორტული (ოლიმპიური რეზერვის საჭადრაკო სკოლა, მხატვრული ტანვარჯიშის სპორტ-სკოლა, ფარიკაობის ჯგუფი, ავტო- და სახანძრო კაბინეტები) განყ-ბები. 1990 სასახლეს ეწოდა მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე.
საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სასახლეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ძველ კაბინეტებსა და სექტორებს დაემატა მრავალი ახალი განყ-ბა და სექტორი.
2015 თბილისის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რ-მაც წარმატებით განაგრძო სასახლის 83-წლიანი ისტორია. იგი თანამედროვე კულტ.-სამეცნ., სასწ.-საგანმან. დანიშნულების მქონე ლიდერი ორგანიზაციაა, რ-იც საერთაშ. პრაქტიკის გათვალისწინებით ახალგაზრდებს თავისუფალ და არაფორმალურ გარემოში მრავალფეროვან საგანმან. და შემოქმედებით სერვისებს სთავაზობს. აქ ყოველწლიურად 5000-მდე ახალგაზრდა იღებს არაფორმალურ, სკოლისგარეშე და დამატებით განათლებას. აქ არსებული სასწ.-მეთოდური ცენტრის საგანმან. პროგრამების მიზანია ახალგაზრდებში ინდივიდუალური, ესთეტ. და შემოქმედებითი შესაძლებლობების, ანალიტ. და კრიტ. აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალური, თანამშრომლობითი და სისტემური აზროვნების უნარების განვითარება.
2024 ეროვნ. სასახლის სტრუქტურაში არსებობდა სასწ. ცენტრი, რ-იც აერთიანებდა საგნობრივ და საშემსრულებლო-სახელოვნ. მიმართულებებს, მედიათეკას (კლუბები, ამერიკული კუთხე), ასევე ხარისხის მართვის სამსახურს. სასახლეში მოქმედებს 160-ზე მეტი წრე და კლუბი, სადაც 4300-ზე მეტი ახალგაზრდა თავად ირჩევს სასურველ სფეროს. საგნობრივი მიმართულებებია: ქართ. ენა, ლიტ-რა და ფოლკლორი (წრეები: ქართ. ენისა და ლიტ-რის, ფოლკლორისა და საბავშვო ლიტ-რის, ჟესტების ენის; ნორჩ შემოქმედთა სტუდია „კალმოსანი“); უცხო ენები (წრეები: ინგლ., გერმ., ფრანგ., რუს., იტალ., ესპ., თურქ., ჩინური); მათემატიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები (წრეები: მათემატიკის, პროგრამირების, ფინანსური განათლების; საკვირაო სკოლა; მათემატიკისა და ტექნოლოგიების კუთხე); არქიტ. და ინჟინერია (წრეები: საინჟინრო გრაფიკის, კომპიუტერული გრაფიკის, არქიტექტურის, ხის სათამაშოების დამზადების, ავიამოდელირების, ექსპერიმენტული უპილოტო სისტემების, რადიოელექტრონიკის, რობოტიკისა და კოდირების; საინჟინრო კუთხე); საბუნებისმეტყველო და სოც. მეცნიერებები (წრეები: ქიმ., ბიოლ., ფიზ., გეოგრ., ისტ., სამართლის, ფსიქოლოგიის სამეცნიერო კუთხე); საშემსრულებლო-სახელოვნებო (წრეები: ხატვა – ფერწერა/ქანდაკება; კერამიკა; თოჯინების დიზაინი და აპლიკაციები; გობელენი, მძივით ქარგვა; ჭედურობა; ოქრომჭედლობა; ხეზე კვეთა; მინანქარი; აგრეთვე თეატრის მხატვრობის, კოსტიუმის დიზაინის, სცენოგრაფიის, კოსტიუმის ისტორიის კურსები); თეატრი (დრამ. თეატრი, პოეზიის თეატრი, თოჯინების თეატრი; თეატრალური სტუდიები); აუდიო-ვიზუალური („პიონერფილმი“); ქორეოგრაფია (ქართ. ხალხ. ცეკვის ანსამბლები); მუსიკა (ფოლკლორული ჯგუფი: ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,საუნჯე“; ფოლკლორული ანსამბლები: ,,დარიალი“; ,,ალიონი“; ,,რტონი“; ,,კესანე“); საჭადრაკო სკოლა.
2017 წ. 25 დეკ. გაიხსნა სასახლის ისტ. მუზეუმი, რ-იც მოიცავს 10 სამუზეუმო სივრცეს. აქ გამოფენილია უნიკალური ექსპონატები, ხელოვნების ნიმუშები, თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები, ანტიკვარული ავეჯი, სამკაული და ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების ნივთები და სხვ. აქვე განთავსებულია მეფისნაცვლის დროინდელი ნივთები, სასახლის დაარსების დღიდან მიღებული ჯილდოები და საჩუქრები, ლ. გუდიაშვილის ესკიზის ასლები, სასახლის აღზრდილთა მიერ შესრულებული ნახატები, ქანდაკებები და მათ მიერ შეგროვებული მინერალები, ეთნოგრ. და არქეოლ. მასალები, რ-ებიც მოსწავლეებმა აღმოაჩინეს გასვლითი ექსპედიციების დროს (აღნიშნული პროექტი შემუშავდა ეროვნ. სასახლისა და საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით, ხორციელდება თბილ. მერიის მხარდაჭერით).
სასახლეში ფუნქციონირებს პლანეტარიუმი, რ-საც ჯერ კიდევ 1964 განათლების სამინისტრომ გადასცა ტელესკოპი, რ-ის საფუძველზე ცალკე გაიხსნა ასტრონომიის კაბინეტი. 1965 განათლების სამინისტრომ შეიძინა გერმ. „ცეისის“ ტიპის პლანეტარიუმის ორი დანადგარი. ერთი დამონტაჟდა ფუნიკულიორზე, ხოლო მეორე განათავსეს სასახლეში. ეროვნ. სასახლის მედიათეკა მოიცავს არაფორმალური განათლების კლუბებს, ბ-კასა და ამერიკულ კუთხეს. ბ-კაში დაცული არაერთი გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. აქ სისტემატურად ტარდება წიგნის განხილვა, კითხვის დღეები და ლიტ. თამაშები, შეხვედრები მწერლებთან და გამომცემლებთან. მედიათეკის ნაწილია თბილ. ახალგაზრდული კლუბი, რ-იც 2021 შეიქმნა. 2023-ის შემდეგ მედიათეკას შეუერთდა ჟურნალისტიკის, მეწარმეობის და სოც. მედიის მართვის კლუბები, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნ. კლუბი „ტესლა“ და ფინანსური წიგნიერების კლუბები – „აფლატუნი“ და „აფლატინი“. მედიათეკა ახალგაზრდებს სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ საინტერესო საგანმან. გარემოს. 2024 მედიათეკის კლუბებმა ჩაატარეს ფორუმი, სადაც მოსწავლეთა ჯგუფებმა განიხილეს საზ-ბისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე შემუშავებული პროექტები.
სასახლეში არსებული ამერ. კუთხე წარმოადგენს ამერიკული სტილის ბ-კას, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ამერიკის ისტ. და კულტ. შესახებ, იგი მომხმარებელს სთავაზობს საცნობარო და მხატვრულ ლიტ-რას, გამოცემებს ბიზნესისა და მმართველობის შესახებ. აგრეთვე ლიტ-რას ინგლ. ენის სწავლებისათვის, ინტერნეტკავშირს. აქ მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით, ჩაერთოს საკლუბო საქმიანობაში, დაესწროს კინოჩვენებას, დაათვალიეროს გამოფენა. 2019 დაარსდა თბილ. გ. ყანჩელის სახ. ახალგაზრდული ორკესტრი (თაო), სადაც დამწყები მუსიკოსები მუშაობენ პროფ. პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან. სასახლეში ჩატარდა მათ მიერ ორგანიზებული ფესტივალი „მოცარტომანია“, რ-იც მიეძღვნა მოცარტის რეპერტუარს; ორკესტრმა აგრეთვე ითანამშრომლა ბრიტანელ მუსიკოს ანა მერედიტთან პროექტში „Varmints“.
სასახლეს გარს ეკვრის ბაღი.
თ. ალიბეგაშვილი
მ. ბაქრაძე
თ. გერსამია
მ. ჩადუნელი