„მოსკოვის ქართული სტამბა“

„მოსკოვის ქართული სტამბა“, მოსკოვის ჯვართამაღლების მონასტრის ქართული სტამბა, რ-იც სინოდის ნებართვით, იმერეთის ეპისკოპოს ფილიმონისა და ქართვ. ახალგაზრდა მოღვაწეთა დახმარებით დააარსა მიტროპოლიტმა ათანასე თბილელმა 1761. ქართ. წიგნების გამოცემისთვის მან დასახმარებლად მიმართა პეტერბურგის მეცნ. აკადემიას. 1764 წ. ივნისში ათანასემ მღვდელმსახურება დაიწყო ჯვართამაღლების მონასტერში, სადაც მიღებული შემოსავლით ააშენა ოთხი სენაკი და გადაიტანა სტამბა. აქ, ძირითადად, ქართ. საეკლ.-საღვთისმსახურო წიგნები იბეჭდებოდა. 1763 დაისტამბა „დაუჯდომელი“, 1764 – „დავითნი“, 1765 – „სამოციქულო“, 1766 – „სახარება საკითხავად წმიდასა და დიდსა ხუთშაბათსა“, 1767 – „პარაკლისი“, 1768 – ისევ „დავითნი“, „ლოცვანი“ და „ჟამნი“. ეს წიგნები გამოირჩევა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით. ფერადი საღებავებით ნაბეჭდი დეკორ. საზედაო ასოები, ორ-, სამფოთოლა ყვავილებიან ჩარჩოებში ჩასმული გვერდები, ბიბლ. პირთა ესტამპები და სხვა განვითარებულ საგამომცემლო კულტურაზე მეტყველებს. ქართ. ეკლესიებისათვის ათანასე ბეჭდავდა წმინდანთა სურათებს, დაფარნებს, ოდიკებს. საამისოდ იგი რუს. სტამბასაც იყენებდა. მან პირველმა დაიწყო ქართულად ნაბეჭდ წიგნებზე ტირაჟის აღნიშვნა. ათანასე თბილელის გარდა, აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართვ. მწიგნობრები – აბრამ ურიაყოფილი, დიმიტრი ციციშვილი და სხვ. სტამბამ XVIII ს. ბოლომდე იარსება. XIX ს. დამდეგიდან ქართ. წიგნების ბეჭდვა-გამოცემის საქმე გადავიდა რუს. სინოდის ხელში.

ლიტ.: გუგუშვილი პ., ქართული წიგნი 1629–1929, [თბ.], 1929; ვათეიშვილი ჯ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია, თბ., 2017; კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია (XVII–XVIII სს.), [თბ.], 1929; ჭიჭინაძე ზ., ისტორია ქართულის სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა, 1625–1909, თფ., 1900.

ო. კასრაძე