მოსია ტიტე მამიას ძე (დ. 1946, სოფ. კახათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), პოეტი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფ. (1991). 1970 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტი და იქვე განაგრძო მუშაობა ლაბორანტად. 1979-იდან იყო აფხ. სახელმწ. უნ-ტის (ყოფ. პედ. ინ-ტი) მასწავლებელი; 1996-იდან – თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი, შეთავსებით – ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრის გამგე. 2002 დაინიშნა დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში, 2006-იდან კი ამავე სასწავლებლის სამეცნ. სამსახურის უფროსი და სრული პროფესორია. 2009-იდან მუშაობს სოხუმის სახელმწ. უნ-ტთან არსებული ქართ. ლიტ-რის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად.
1990 მონოგრაფიისათვის „დავით გურამიშვილი და ქართული სიტყვიერი კულტურა“ მიენიჭა საქართვ. სახ. განათლების სამინისტროს რესპუბლიკური, ხოლო 2013 წიგნისათვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა“ – გ. შარვაშიძის სახ. პრემიები. მ. იკვლევდა ძვ.. ქართულ მწერლობას; ცნობილია მისი ნაშრომები: „დავითიანის“ სახისმეტყველება, თბ., 2005; დავით გურამიშვილის მსოფლმხედველობის სამყაროში, თბ., 2010; ქართული ჰაგიოგრაფია და ბიბლია, თბ., 2011; მ. ავტორია პოეტური კრებულებისა – „რიბირაბო“ (1988); „შოუ ნანა“ (2005); „თიხის დაფა“ (2017); „მზე ათენიდან ამობარჩხალდა“ (2019) და სხვ.
თხზ.: ბიბლიური ზნეთსწავლულება, სოხ., 1991; ძველი ჩინური პოეზია, თბ., 2010; ქართული სასულიერო მწერლობის სახისმეტყველებიდან, თბ., 2016; წერილები „ვეფხისტყაოსანზე“, თბ., 2016; ოთხი სიცოცხლე, თბ., 2025.