მოსე ცურტაველი

მოსე ცურტაველი, ცურტავის ეპისკოპოსი 599–605, წარმოშობით სომეხი. დაიბადა 569/570 ტაშირის სოფ. მუჰენკერტში. აღიზარდა ცურტავში, პიტიახშის კარზე. შეისწავლა ქართ. და სომხ. მწიგნობრობა. თავდაპირველად გახდა პიტიახშის კარის მოძღვარი, შემდეგ – ცურტავის ეპისკოპოსი. 605 ზამთარში ქართლის კათოლიკოს კირონ I-თან კონფლიქტის გამო მ. ც. სომხეთში გაიქცა და დაბინავდა არაგაწოტნის გავარის (პროვინცია) იოანე ნათლისმცემლის მონასტერში (ჰოვანავანქი). მან აქედან მიმოწერა გამართა სომხეთის ეკლესიის მესვეურებთან და განმარტა ქართლიდან გაქცევის მიზეზი. მ. ც. სთხოვდა მათ დახმარებას ცურტავში საეპისკოპოსო ტახტის დასაბრუნებლად, მღვდელმსახურებისათვის სომხ. ენის აღსადგენად და სომხურენოვანი თემისათვის მონოფიზიტური მრწამსის შენარჩუნების მხარდასაჭერად. ამ მიმოწერას მოჰყვა წერილების გაცვლა სომეხ და ქართვ. საეკლ. და საერო ხელისუფალთა შორის, აგრეთვე ცურტავის სომხ. მრევლისათვის სახელმძღვანელოდ დაიწერა სპეც. ტრაქტატები მსოფლიო ეკლესიის ისტორიის შესახებ. ყველაფერმა ამან ჩვენამდე მოაღწია ეპისტოლეთა წიგნის სახით (ძვ. სომხ. ენაზე), რ-ის I ნაწილი, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მ. ც-ის შედგენილი უნდა იყოს.

წყარო და ლიტ.: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1975; ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979; ჯანაშია ნ., ლაზარ ფარჴეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.

ზ. ალექსიძე