მორფოლოგია მცენარეთა

მორფოლოგია მცენარეთა, ფიტომორფოლოგია, მეცნიერება მცენარეთა აგებულებისა და ფორმათწარმოქმნის კანონზომიერებების შესახებ ონტოგენეზსა და ფილოგენეზში, ბოტანიკის დარგი. მცენარის მორფოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბუნებაში მცენარეთა ფორმების მრავალგვარობის გამოვლენა, ქსოვილების აღწერა, მცენარეთა ორგანოების (მათი მორფოგენეზის კანონზომიერებების დადგენის მიზნით) და ქსოვილების (მათი ჰისტოგენეზის კანონზომიერებების დადგენის მიზნით) ფორმათწარმოქმნის პროცესების შესწავლა მათი განვითარების როგორც ინდივიდუალურ, ისე ისტორიულ ასპექტებში.

დღეისთვის მ. მ-ში გამოარჩევენ შემდეგ სპეციალიზებულ დისციპლინებს: ორგანოგრაფია – მცენარეთა ორგანოების გარეგანი სტრუქტურის აღწერა და შედარებითი ანალიზი; მცენარეთა ანატომია – მცენარეთა სტრუქტურის შესწავლა უჯრედებისა და ქსოვილების დონეზე; მცენარეთა ემბრიოლოგია – მცენარის ემბრიონის ფორმირების, სტრუქტურისა და განვითარების ნიმუშების შესწავლა; მცენარეთა ციტოლოგია – მცენარეთა უჯრედების შესწავლა; მცენარეთა ჰისტოლოგია – მცენარეული ქსოვილების შესწავლა; გადაშენებული მცენარეების მორფოლოგია – პალეობოტანიკის განშტოება; ბიომორფოლოგია ან ეკოლოგიური მორფოლოგია – სწავლობს ურთიერთდამოკიდებულებას მცენარეთა ინდივიდუალური განვითარების პროცესებსა და გარემო ფაქტორებს შორის.

იხ. აგრეთვე სტ. ბოტანიკა.