მორიგე ჯარი, მორიგე ლაშქარი, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სახეობა ქართლ-კახეთის სამეფოში, რეგულარული არმიის სისტემაზე გარდამავალი საფეხური. ჩამოყალიბდა XVIII ს. 50-იან წლებში, საბოლოოდ გაფორმდა 1774 მორიგის ლაშქრობის განაჩენით და მ. ჯ-ში გაუსვლელობისათვის 1776 დამატებით გამოცემული განწესებით. მ. ჯ-ში წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან, ჯანმრთელ მამაკაცს – ქართველს, სომეხს, „თათარს“. ოც წლამდე ვაჟს მორიგეში არ წერდნენ. მ. ჯ-ში გაწვევის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული იყვნენ ფშავ-ხევსურები, თუშები, ოსები, ქალაქის მოხელეები და ვაჭრები. განწესებით, მოლაშქრისთვის ჯამაგირის გადახდა არ იყო გათვალისწინებული. მათთვის ჯარში ყოფნა ღმერთის სამსახურში ყოფნას ნიშნავდა. მოლაშქრე სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველეყო. თავდაპირველად მ. ჯ-ში 5 ათ. მეომარი იყო. ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რ-თა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე). მ. ჯ. მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის დასაცავად იყო შექმნილი და სოც.-ეკონ. და პოლიტ. პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მ. ჯ-ის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა. ჯარის არსებობა ხელსაყრელი არ იყო თავადებისათვის, ვინაიდან გლეხი ჯამაგირზე მყოფი სამხ. მოხელის მეშვეობით უშუალოდ მეფეს დაექვემდებარა და იგი ბატონისაგან ხსნას მეფის ხელისუფლების გაძლიერებაში ეძებდა. მ. ჯ. ბრძანებით არ გაუუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი შესუსტება და ბოლოს სრული დაშლა. მ. ჯ-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართვ. ხალხის ეროვნ. თვითმყოფობის შენარჩუნების საქმეში.
წყარო: მორიგის ლაშქრობის განაჩენი, ქართ. სამართლის ძეგლები, ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 6, თბ., 1973; გორგაძე ა., საქართველოს XVIII საუკუნის სამხედრო ისტორიის მასალები, თბ., 1927; კლიმიაშვილი ა., მორიგე ჯარის საკითხისათვის XVIII საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, „ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე“, 1963, ტ. 5; მისივე, მორიგე ლაშქარი (მასალები XVIII საუკუნის სამხედრო ისტორიისათვის, თბ., 2022.
გ. ნადარეიშვილი