მორდკინი მიხაილ მიხაილის ძე (9. XII. 1880, მოსკოვი, – 5. VII. 1944, მილბრუკი, აშშ), რუსი ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ბალეტის მოცეკვავე. 1899 დაამთავრა მოსკ. დიდი თეატრის საბალეტო სკოლა. 1900–10, 1912–18 ცეკვავდა დიდი თეატრის სცენაზე. 1920–22 სათავეში ედგა თბილ. „რუსულ ბალეტს“. მ. მამაკაცის ცეკვის ერთ-ერთი რეფორმატორია. მისი პარტნიორები იყვნენ ბალეტის ცნობილი მოცეკვავეები: ა. პავლოვა, მ. კსეშინსკაია და სხვ. წამყვან პარტიებს ასრულებდა რუსულ, ევრ. და ამერ. საბალეტო სპექტაკლებში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში, სადაც დააარსა „Mordkinballet“. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართ. პროფ. ბალეტის ჩამოყალიბებაში. თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან. მათ კიევში ერთობლივად დადგეს ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, სადაც მ-მა ბრწყინვალე ქორეოგრაფია შექმნა. მან თბილისში დააარსა საბალეტო სტუდია, რ-ის სტუდენტთა მონაწილეობით დადგა ცეკვები მ. იპოლიტოვ-ივანოვის ოპერა „ღალატში“. ასევე თბილისში დადგა სპექტაკლები: ლ. დელიბის „კოპელია“, ა. ადანის „ჟიზელი“, ი. არმსჰაიმერის „კავალერიის შესვენება“, მ. მოშკოვსკის „გრენადის ყვავილები“, პ. ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“, შ. გუნოს „დიონისეს დღესასწაული“, „კარნავალი“ (ფ. ლისტის, ა. რუბინშტეინის, ა. გლაზუნოვის, რ. დრიგოს, ლ. მინკუსის და სხვ. მუსიკაზე). ზოგიერთი მათგანი XX ს. მიწურულამდე შემორჩა ქართ. საბალეტო სცენას.
მ. ჯაფარიძე