მონუმენტური ხელოვნება

მონუმენტური ხელოვნება, პლასტიკური ხელოვნების სახე, რ-იც არქიტექტურულ ნაგებობათა სინთეზური ერთიანობის საფუძველზე ქმნის მთლიან მხატვრულ გარემოს. მ. ხ-ის ნაწარმოები ემსახურება როგორც საზ. ცნობიერების ჩამოყალიბებას, ისე ადამიანის რეალური გარემოს წარმოსახვას. მ. ხ-ს საფუძველი პირველყოფილ საზ-ბაში ჩაეყარა. მენჰირებში, საკულტო, სკულპტურულ ფიგურებსა და კლდის მხატვრობაში აისახა პირველყოფილი ადამიანის შეხედულებები, მათი წარმოდგენები ბუნების ძალთა სიდიადეზე. მ. ხ-ის ნაწარმოებებია სხვადასხვა დანიშნულების მონუმენტები, შენობათა სკულპტურული, ფერწერული, მოზაიკური მორთულობა, ვიტრაჟი, ქალაქისა და საბაღო-საპარკო ქანდაკებები, შადრევნები (ზოგიერთი მკვლევარი მ. ხ-ს არქიტ. ნაწარმოებსაც აკუთვნებს), სახვითი და თემატური კომპოზიციები ნაგებობის ფასადზე და ინტერიერში, ძეგლი მოედანზე. მ. ხ-ის ნაწარმოებები გამიზნულია როგორც შორიდან, ისე ახლოდან და სხვადასხვა კუთხიდან, აგრეთვე არა განცალკევებულად, არამედ გარემოსთან ერთად აღსაქმნელად. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ნაწარმოების ისეთი თვისებები, როგორიცაა მასშტაბი და პროპორციულობა, ნაწილებისა და მთლიანობის ჰარმონია, კომპოზიციის დეკორატიულობა. მ. ხ-ის ყველა ნაწარმოების – ნაგებობის, მხატვრობის, ქანდაკების – ძირითადი აუცილებელი პრინციპია მხატვრულ-ესთეტიკური შინაარსის შესატყვისობა მათ ფუნქციურ მიზანთან და ადგილთან არქიტექტურულ სივრცეში.

საქართველოში მ. ხ-ის ნიმუშები უძველესი დროიდან გვხვდება. მეგალითური ნაგებობანი, მენჰირები, ვეშაპები, ცხოველთა ფიგურები ნათლად მეტყველებს მ. ხ-ის არსებობაზე. ამგვარი ნიმუშები ძირითადად გავრცელებულია თრიალეთსა და ჯავახეთში. განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებოდა იგი ფეოდალიზმის ეპოქაში. ხელოვნ. ამ დარგის მაღალ განვითარებაზე მიუთითებს ქრისტ. რელიგიის ძეგლები – ქვაჯვრები, ეკლესიათა ფასადები და ინტერიერთა მხატვრობა, რ-იც X ს-იდან დაიწყო (დავითგარეჯი, ატენი, ვარძია, ტიმოთესუბანი, ბეთანია, ყინწვისი, ოშკი, იშხანი, ხახული, ზარზმა, საფარა და სხვ.). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მ. ხ-ის პროპაგანდას. ვ. ლენინის გეგმამ, რ-ის უმთავრესი მიზანი იყო ამ დარგის გამოყენება აგიტაციის საშუალებად, ჩვენში გარკვეული ეროვნ. ელფერი მიიღო, ვინაიდან რევ. თემატიკასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ეროვნ. თემებს. განსაკუთრებული ადგილი მ. ხ-ის განვითარებაში უკავია 1959–67 შექმნილ კურ. ბიჭვინთის არქიტ. კომპლექსს (მხატვრული ხელმძღვ. ზ. წერეთელი); აქტიურად ვითარდება მონუმენტური ქანდაკება (ე. ამაშუკელის „ვახტანგ გორგასალი“, თბილისი, 1967; მ. ბერძენიშვილის „გიორგი სააკაძე“, კასპი, 1971 და „კიდევაც დაიზრდებიან“, მარნეული, 1975; მ. მერაბიშვილის „ერეკლე II“, თელავი, 1972; გ. ოჩიაურის „მადლიერი დედა“, თბილისი, „გამარჯვების პარკის მემორიალი“, 1982; ზ. წერეთლის „წმინდა გიორგი“, თბილისი, თავისუფლების მოედანი, 2006 და სხვ.); კედლის მხატვრობა (ბ. ბერძენიშვილის სასტუმრო „ივერიის“ დარბაზის მოხატულობა, თბილისი, 1967; ახალგაზრდული კაფეს ინტერიერი, ჭიათურა, 1979; ნ. იგნატოვის „სიმღერა საქართველოზე“, კურ. ბიჭვინთა, ცენტრ. საკურორტო შენობის ინტერიერი, 1967; „ფიროსმანის მონატრება“, მთაწმინდის რესტორნის მიღებათა დარბაზი, 1972; „ჩემი თეატრი“, რუსთაველის თეატრი, 1977 და სხვ.). აღსანიშნავი ფაქტია, რომ საქართველოში XX ს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ახლად აგებული ეკლესიების ინტერიერები მთლიანად მოიხატა. მონუმ.-დეკორ. ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა მოზაიკა, რ-იც ადრეული პერიოდიდან გავრცელდა საქართველოში. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოზაიკური ძეგლები მიუთითებს, რომ იგი იმთავითვე განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა. გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილია I ს. II ნახ. მოზაიკები, ბიჭვინთაში – IV ს. სამნავიანი ბაზილიკის, ხოლო სოფ. ძალისის მიდამოებში – II ს. დიონისეს ტაძრის იატაკის მოზაიკური მხატვრობა. XII ს. განეკუთვნება ქართ. მონუმ. ხელოვნ. მაღალმხატვრული ძეგლი – გელათის მოზაიკა და სხვ. თანამედროვე მოზაიკური ხელოვნება განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX ს. 60-იან წლებში. აღსანიშნავია ზ. წერეთლის აქტიური მოღვაწეობა მონუმ. ხელოვნების დარგში. მან შექმნა მონუმ.-სივრცობრივი კომპოზიციები: „ჩიტები“ (მოზაიკა, ბიჭვინთა, 1967), თბილისში, პროფკავშირების კულტურის ცენტრის (1973) და ყოფ. პოლიტგანათლების სახლის ფასადის (1980) მოზაიკა. საინტერესოა ბათუმში კაფე „ფანტაზიისა“ (იგივე „რვაფეხა“, ავტორთა ჯგუფი, 1975) და ბათუმის პიაცას (ავტორი ნ. დე პიტა-ამირეჯიბი, 2010) მოზაიკური მხატვრობა და სხვ.

თ. გერსამია