მონოტონიკური კილო, მონოცენტრული, არაოქტავური კილო, რომლის ფუნქციური მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს ერთ კონკრეტულ რეგისტრში მდებარე ბგერა და ყველა დანარჩენი საფეხური მიისწრაფის ამ საყრდენისაკენ.
ქართ. ხალხ. სიმღერის არაოქტავურობა, მონოტონიკურობა აღბეჭდილია არა მხოლოდ მელოდიკაზე, არამედ – ჰარმონიულ ფუნქციონალობაზეც, აკორდიკაზე, კადანსებსა და მოდულაციაზე.
არსებობს მ.კ-ს ორი ფორმა: 1. ძირითადი – ავთენტიკური ფორმა, როდესაც ტონიკა მდებარეობს ბგერათა რიგის ქვედა კიდურ წერტილში და დამხმარე საფეხურები დამავალი მიზიდულობის ტენდენციით ხასიათდება; 2. დამხმარე – პლაგალური; ჰიპო-ფორმა, როდესაც ტონიკური ცენტრი იმყოფება ერთი მხრივ, დაღმავალი მიზიდულობის ზედა, მეორე მხრივ, აღმავალი მიზიდულობის ქვედა დამხმარე საფეხურების გარემოცვაში.
მ.კ. გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ქართ. ეთნომუსიკოლოგიის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. მონოტონიკურობა არის ერთ-ერთი თვისება, რ-თაც ქართ. ხალხ. კილოური სისტემა განსხვავდება ევრ. მაჟორ-მინორული სისტემისაგან.
ლიტ.: Жордания И., Грузинское многоголосие в международном контексте многоголосных культур, Тб., 1989.