მონიავა ჯემალ (23. II. 1939, თბილისი, – 29. VI. 2008, იქვე), თეატრის მსახიობი, მწერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1979). 1962 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. სხვადასხვა წელს მუშაობდა სოხუმისა (1962–63) და რუსთაველის (1963–67) თეატრებში, 1967-იდან გარდაცვალებამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: თარაშ ემხვარი (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), ადიკო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ვახტანგი (ნ. ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე“), ბადრი (ჯ. მონიავას „აღუვსებელი საწყაული“), მასწავლებელი (გ. ჰაუპტმანის „მზის ჩასვლის წინ“), ლევანი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“), დონ სეზარ დე ბაზანი (ე. დიუმანუას და ა. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“), სტივა ობოლონსკი (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“), ვერნერი (მ. ლერმონტოვის „თავადის ასული მერი“), მღვდელი (მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“), ძელუ (კ. გოცის „ლურჯი ურჩხული“), მურმანი (ლ. როსებას „პროვინციული ამბავი“) და სხვ. კინოფილმებში შესრულებული როლებია: ოპერატორი („გასეირნება თბილისში“, რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1976), კირილე („ამაღლება“, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1977 ), ვახტანგ მუხრანბატონი („წიგნი ფიცისა“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1983); აგრეთვე მონაწილეობდა ფილმებში: „ტარიელ გოლუა“ (რეჟ. ლ. ხოტივარი, 1968), „გამარჯობა ყველას“, (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1980); „ხსოვნა“ (რეჟ. გ. ვეფხვაძე, 1989) და სხვ. მ. ავტორია პიესების („აღუვსებელი საწყაული“, „კორპუსი 5, ოთახი 55“, „ქორწინება განქორწინებით“), მინიატიურული მოთხრობებისა და ესეების. მ-ის შესრულებული როლები გამოირჩევა გულწრფელობითა და ემოციურობით. რუსთავის საერთაშ. თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს ნიღაბი“ მ-ის სცენით დადგმულმა სპექტაკლმა „ჯვარცმული ბედნიერება“ დაიმსახურა პრიზი „პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებისთვის“ (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
თხზ.: ნათლობა: მოთხრობები, წერილები, ესე... თბ, 2002; წუთი სოფელში: ნოველები, თბ, 2007.
თ. კახიანი